საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი სტოკჰოლმში

24 ოქტომბერს სტოკჰოლმში ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა. ქეთი მელუას ბოლო ალბომი, სახელწოდებით In Winter („ზამთარში”), 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის მომღერლისა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტია. ქეთი მელუა ბრიტანეთის ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია, გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი, 1 მილიონი ბილეთი, მიღებული აქვს 56 პლატინის ჯილდო. 2006 წელს ის დასახელდა ყველაზე გაყიდვად არტისტად, ხოლო 2007 წელს მისი ალბომი Pictures ევროპული ჩარტების სათავეში მოექცა. გორის ქალთა კამერული გუნდი შეიქმნა 1970 წელს, საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატის, შალვა მოსიძის მიერ. გუნდი არაერთი საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 2013 წლიდან გუნდს თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს.
სტოკჰოლმში გამართული კონცერტი ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი ევროპული ტურნეს ნაწილია. კონცერტები დაგეგმილია ასევე გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ევროპაში, რომელიც ქ. სტოკჰოლმში გამართული კონცერტით დაიწყო. ქეთი მელიამ კონცერტი ქართული სიმღერით „თუ ასე ტურფა იყავი“ გახსნა. ქეთი მელუას და ქართულ კამერულ გუნდს შვედი მსმენელები სავსე დარბაზით და მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ.
კონცერტის შემდეგ გაიმართა შვედეთში საქართველოს ელჩის, მალხაზ კაკაბაძის, საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა ქართველ მუსიკოსებთან.