საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანამემამულეებო, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ დამდეგი ახალი - 2022 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

მოგეხსენებათ, უცხო ქვეყანაში მცხოვრებ დიასპორას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს და მიმღები სახელმწიფოს მიმართ და მე მოხარული ვარ, რომ შვედეთში მცხოვრები მოქალაქეები ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს, მის კულტურას, ისტორიას და ღირებულებებს. ამავე დროს, ფასეული წვლილი შეაქვთ იმ სფეროებში, რომლებშიც ისინი მოღვაწეობენ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის.

ქართული ემიგრაციის მიმართ სწორი და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის მოცულობა და ბენეფიციართა რაოდენობა, მას დაემატა ახალი საინტერესო კომპონენტები. გრძელდება წარმატებული პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 2021 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი. გაიმართა „დიასპორის დაჯილდოება 2021“, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მოგიწოდებთ მომავალში აღნიშნულ პროექტებში კიდევ უფრო მეტად აქტიური ჩართულობისკენ.

როგორც ცნობილია, 2022 წელს საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეა და ამ თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ, რომელთა თაობაზე ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთონ შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ვინაიდან დიასპორასთან მჭიდრო კავშირის და თანამშრომლობის გარეშე, რთულად წარმოსადგენია საელჩოს ეფექტიანი მუშაობაც.  

კიდევ ერთხელ, მსურს მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება და გამოვთქვა თქვენი თანადგომის და აქტიური ჩართულობის იმედი.