საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან

13 იანვარს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრთან, შერშტინ ლუნდგრენთან („ცენტრისტული“ პარტია) შეხვედრა გამართა.

განიხილეს საქართველოს და შვედეთს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და მათი განვითარების სხვადასხვა მიმართულებები. მხარეები შეეხნენ საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობას და აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროება.

ქალბატონმა ლუნდგრენმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტის სახელით კვლავ აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა და უზრუნველყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მუდმივად დღის წესრიგში დაყენება. ასევე, ვიცე-სპიკერმა სურვილი გამოთქვა ჩაერთოს საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და ხელი შეუწყოს საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილისადმი დაკავშირებული პროექტების განხორციელებას.

შერშტინ ლუნდგრენმა საქართველოს ელჩს კვლავ დაუდასტურა შვედეთის პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ არავის არ აქვს დამოუკიდებელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანზე გავლენის მოხდენის უფლება.