ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი შვედეთში

ა.წ. 4-5 სექტემბერს, სტოკჰოლმში, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით, იმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი. შეხვედრაზე ასევე მიწვეულია გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი.შეხვედრისას მხარეები იმსჯელებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა აგრეთვე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის რიგის სამიტამდე პარტნიორი ქვეყნების მიერ დასახულ გეგმებს.ღონისძიების ფარგლებში, 4 სექტემბერს, გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას და ამ ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრესულად განვითარების პერსპექტივებს, ევროკავშირში მათი სრული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, აღინიშნა ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სათანადო ტექნიკური და ფინანსური დახმარების აუცილებლობა. ამ კონტექსტში, შვედეთის მხარემ გამოთქვა მზაობა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. ამასთან ერთად, თამარ ბერუჩაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანკ ბელფრაგესთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის შემდგომი პრიორიტეტები, განსაკუთრებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში. სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს შენობაში თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვედა თავის უკრაინელ კოლეგას. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე. მხარეებმა დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ