ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციასთან

მ/წლის 9 ოქტომბერს შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის მორიგი შეკრება, რომელიც ამჯერად ქართულ ხელოვნებასა და ფერწერას მიეძღვნა. ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. დასაწყისში შვედმა არქეოლოგმა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციების მკვლევარმა,  პროფესორმა ულრიკა სოდერლინდმა გააკეთა პრეზენტაცია ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ.

თანამედროვე ქართულ ფერწერაზე ისაუბრეს ჩრდილოეთ შვედეთის ქალაქ ვირსბუს მცხოვრებლებმა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროექტის ავტორებმა, სტაფან და ელსა მატსონებმა. მათ დამსწრეებს გააცნეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ვირსბუში გაიმართა.   

შეხვედრის მეორე ნაწილში ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და შვედურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობები.

ამის შემდეგ გაიმართა ასოციაციის წევრების დაჯილდოვების ცერემონია, რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა და უკვე ტრადიციად იქცა. ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ელჩმა საელჩოს სამახსოვრო მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა ორი ჯგუფი - ასოციაციის ის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და შვედი ექიმები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ახორციელებენ სმენადაქვეითებული ბავშვების დახმარების პროექტს.

 საელჩოს სამახსოვრო მედლები და დიპლომები გადაეცათ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარს, არქეოლოგს, პროფესორ ულრიკა სოდერლინდს, რომელიც რამდენიმე წელია თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან საზღვაო არქეოლოგიის სფეროში და ამავე დროს იკვლევს და პოპულარიზაციას უწევს ქართულ ხელოვნებას, სამზარეულოსა და ტრადიციებს,  სამთავრობო სააგენტოს „შვედური ინსტიტუტი" პროექტების მენეჯერს სილვია აუგუსტინსონს, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ორმოცამდე შვედურ-ქართული გაცვლითი კულტურული პროექტი, მათ შორის, ქართველი მხატვრების გამოფენები, სტოკჰოლმის ცნობილ მუზეუმს „სკანსენ" და საქართველოს ღია ცის ქვეშ მუზეუმს შორის თანამშრომლობის პროექტი, თბილისში საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნისა და ქართული წიგნების შვედურად თარგმნის პროექტები.

 

კონსტანტინე ქავთარაძემ სამახსოვრო მედლები და დიპლომები გადასცა ცნობილ შვედ მედიკოსებს - ჰელენა ლანცერ-სილენს, კარლ-ერიკ სპენსს, ევა მარტონის, ინგერ ულენს და ოსა შონსბერგს, ასევე, ამ ჯგუფის წევრს, სტოკჰოლმში მცხოვრებ ქართველს ლელა ნოზაძეს,  რომლებმაც შვედეთში მოძიებული თანხებით სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს გორის რეგიონში განსახლებულ დევნილთა ოჯახებს, სპეციალური შემოწმებები ჩაუტარეს სმენადაქვეითებულ ბავშვებს, გადასცეს მათ სმენის გასაუმჯობესებელი აპარატურა, ასევე, უფასო ლექციები ჩაუტარეს სმენადაქვეიებულთა მკურნალობისა და აუდიოლოგიის სფეროში ჩართულ ქართველ სპეციალისტებს. 

ყველა დაჯილდოვებულმა გულითადი მადლობა გადაუხადა ელჩს მათი საქმიანობის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ სურვილი აქვთ თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და  კონტაქტები კვლავაც მოახმარონ საქართველოს. ასოციაციის პრეზიდენტმა სვენ ჰოლმსტრომმა ორგანიზაციის ყველა წევრის სახელით ასევე მადლიერება გამოხატა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრის ბოლოს საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ