ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა

1.    შესავალი

საქართველო სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე და ამ ეტაპზე ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ნავთობპროდუქტების მიმართ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, ნედლი ნავთობის მწარმოებელი რეგიონების სიახლოვესთან ერთად, მყარ საფუძველს ქმნის საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებისთვის.

საქართველოს მთავრობის („მთავრობა") მიზანია ინვესტორის („ინვესტორი") შერჩევა შავი ზღვის სანაპიროზე წელიწადში მინიმუმ 2 (ორი) მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის („ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა") განვითარების მიზნით, მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT") ხელშეკრულების („ხელშეკრულება") საფუძველზე („პროექტი"), რომელიც გაფორმდება ინვესტორთან.

შესაბამისად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გზით („ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა"), მთავრობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით („სამინისტრო") იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს („კანდიდატები"), რათა გამოხატონ დაინტერესება („ინტერესის გამოხატვა") პროექტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

2.    მდებარეობა

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადგილმდებარეობა იქნება ქ. ფოთი, რიონის მარცხენა სანაპირო.

3.    პროექტის აღწერილობა

პროექტის ძირითადი მოთხოვნები:             ა) 2017 წლის ბოლომდე წელიწადში მინიმუმ 2 (ორი) მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება თ მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად; 

ბ) ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება („ლიცენზია") და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 2018 წლის დეკემბრისა;

გ) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის ან/და მისი ეკვივალენტური, ან საქართველის კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიის პირობების შესაბამისად;

დ)  თითოეული ტიპის მსუბუქი და საშუალო დისტილატების წლიური წარმოების მინიმუმ 20% შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე მთავრობის მიერ შერჩეული მხარეებისათვის;

ე) უზრუნველყოფა, რომ „დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივ ბაზარზე შეთავაზებული ნავთობის დისტილატების, რომელიც შეადგენს თითოეული ტიპის მსუბუქი და საშუალო დისტილატების წლიური წარმოების 20%-ს, EXW (წარმოების ადგილზე მიწოდების) ფასი მინიმუმ 10%-ით ნაკლები იყოს იდენტური ნავთობის დისტილატების PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის 10 დღის გამოქვეყნებულ მონაცემებში მოცემული ფასების მიხედვით გამოთვლილ საშუალო ფასთან შედარებით;

ვ) ლიცენზიის არანაკლებ 25 (ოცდახუთი) წლის ვადით შენარჩუნების მიზნით, ლიცენზიის პირობების და შესაბამისი საკანომდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება;

ზ) დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტება;

 თ) ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამყიდველისათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და საქართველოს ეროვნული ბანკის ან ადგილობრივი კომერციული ბანკის მიერ დადასტურებული 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და მოქმედი იქნება 2019 წლის 1 მაისამდე.

ვადა:                                                   BOT-ის სავარაუდო ვადაა  ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) წელი, მაგრამ არაუმეტეს ლიცენზიის მოპოვებიდან 25 (ოცდახუთი) წელი.

დაფინანსება და რესურსები:            გამარჯვებული მონაწილე პასუხისმგებელია პროექტისათვის კაპიტალის მოძიებასა ან/და დაფინანსების მოზიდვაზე, ისევე, როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ოპერირებისთვის საჭირო ნედლი ნავთობის შეძენაზე/მოპოვებაზე.

4.    მთავრობის განზრახულობანი

მთავრობა გადასცემს ინვესტორს ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 3 258 926 კვ.მ.-მდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.02.826) („ქონება"), სრულად ან ნაწილობრივ, პროექტის საჭიროებისამებრ, BOT-ის საფუძველზე და იმ სავალდებულო პირობებით, რომელიც მესამე მუხლში წარმოდგენილია როგორც „პროექტის ძირითადი მოთხოვნები". ასეთი მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის სამართლებრივი ჩარჩო და მხარეების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.

5.    ქონების გადაცემის წინაპირობები

იმისათვის, რომ ქონება გადაცემა განხორციელდეს, ინვესტორმა უნდა შეასრულოს შემდეგი წინაპირობები (წინაპირობები):

ა) გააფორმოს მთავრობასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი („მემორანდუმი") ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოცხადების შესახებ მთავრობის განკარგულების („განკარგულება") გამოცემიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

ბ) გადაიხადოს ხელმოწერის საფასური (იხ. განმარტება ქვემოთ) მემორანდუმის ხელმოწერიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

გ) განახორციელოს პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა („კვლევა"), მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასება (ESIA") მემორანდუმის ხელმოწერიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.

დ) იმ შემთხვევაში, თუ კვლევა დაადასტურებს პროექტის განხორციელებადობას, კვლევის დასრულებიდან 3 (სამი) თვეში, მაგრამ არაუგვიანეს მემორანდუმის ხელმოწერიდან 15 (თხუთმეტი) თვისა, მოითხოვოს ქონების გადაცემა BOT-ის საფუძველზე.

ე) წარუდგინოს მთავრობას კვლევის ასლი, მისი დასრულებიდან ერთ კვირაში.

ვ) მემორანდუმის ხელმოწერამდე, გაზარდოს წინასაკვალიფიკაციო საბანკო გარანტიის ოდენობა (იხ. განმარტება ქვემოთ) 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარამდე, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთმოცემული, „ა-ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების შესრულებას.

6.    ინტერესთა გამოხატვის პროცედურები

6.1.წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები 

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემულ წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს („წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები"):

ა) წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტაცია, როგორც ინტერესის გამოხატვის შემადგენელი ნაწილი:

1)  ოფიციალური სახელწოდება და მისამართი;

2)  საფოსტო მისამართი, საკონტაქტო პირები და საკონტაქტო მონაცემები;

3) სათანადო წესით დამოწმებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (და საწარმოს დაფუძნების ან/და სახელწოდების ცვლილების შესახებ არსებული დოკუმენტი);

4)  კომპანიის წესდების დამოწმებული ასლები;

5)  კომპანიის რეზიუმე;

6) გამოცდილების აღწერა, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატი ან/და კანდიდატის ქვეკონტრაქტორ(ებ)ი აკმაყოფილებენ წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის დანართი 1-ის „ა" პუნქტით (გამოცდილება) განსაზღვრულ წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების  გამოცდილების აღწერა ეფუძნება მის მიერ დასახელებული ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ასეთი ქვეკონტრაქტორის პროექტში მონაწილეობის სურვილის დადასტურება. გამოცდილების აღწერას უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია და ცნობები;

7) წინა 5 (ხუთი) წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება პროექტში ჩართული თითოეული მხარისათვის, მათ შორის, იმ კორპორაციული ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც თითოეული ასეთი მხარე მიეკუთვნება (სადაც „კორპორაციული ჯგუფი" ნიშნავს, თითოეული იურიდიული პირის მიმართ, ამ პირის საკონტროლო პაკეტის მფლობელ კომპანიას და ყველა შვილობილ სუბიექტს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჰოლდინგური კომპანიის მიერ);

8)  იმ აქციონერების (პარტნიორების) სათანადოდ დამოწმებული სია, რომლებიც კანდიდატის აქციების (წილების) 5 პროცენტზე მეტს ფლობენ, მათ შორის, საკოტროლო პაკეტის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია;

9) ყველა იმ სასამართლო თუ საარბიტრაჟო სამართალწარმოების ნუსხა, რომელშიც ნებისმიერი კომპანია კანდიდატების კორპორაციული ჯგუფიდან წარმოადგენდა მხარეს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და

10)  იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი წარმოადგენს კონსორციუმს ან/და ჰყავს ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, კონსორციუმის წევრთა და სუბკონტრაქტორთა სია და ზემოთ მითითებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია თითოეულ კონსორციუმის წევრსა და ქვეკონტრაქტორთან მიმართებით.

11)  ინფორმაცია პროექტის თაობაზე:

o   ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების შემოთავაზებული მეთოდოლოგია;

o   პროექტის განხორციელებისათვის საჭირო შემოთავაზებული დრო;

o   სავარაუდო საშუალო წლიური წარმოება;

o   ნედლი ნავთობის პოტენციური მომწოდებლები;

o   პროექტის განსახორციელებლად  საჭირო ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა;

o   პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა წინადადება.

 

ბ) წარმოადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და საქართველოს ეროვნული ბანკის ან ადგილობრივი კომერციული ბანკის მიერ დადასტურებული 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია („წინასაკვალიფიკაციო საბანკო გარანტია"), რომელიც უზრუნველყოფს მე-5 მუხლში მოცემული წინაპირობების შესრულებას და ძალაში იქნება მისი წარმოდგენიდან არანაკლებ 22 (ოცდაორი) თვის განმავლობაში.

გ) დააკმაყოფილოს წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმები, რომლებიც მოცემულია ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის დანართ N1-ში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებში „წარდგენის ვადამდე" (იხ. განმარტება ქვემოთ) შესაძლებელია წერილობით შეტანილ იქნეს ცვლილება ნებისმიერ დროს, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.

 

მხოლოდ იმ კანდიდატთა წინადადებები იქნება განხილული, რომლებიც აკმაყოფილებენ 6.1 მუხლის „ა-გ" ქვეპუნქტებში მოცემულ წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თუ კანდიდატი კონსორციუმია, მისი არცერთი წევრი არ უნდა იყოს სხვა კანდიდატის წევრი. ყველა ინტერესის გამოხატვა უნდა იყოს მომზადებული ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კანდიდატები შესაძლებელია მთავრობის მიერ მოწვეული იქნენ თბილისში პრეზენტაციის გასაკეთებლად.

6.2.   ინტერესის გამოხატვის წარდგენა

 

ყველა ინტერესის გამოხატვა წარდგენილი უნდა იქნეს დალუქული კონვერტით 3 ნაბეჭდ, ხელმოწერილ ეგზეპლარად და ერთ ელექტრონულ ვერსიად (PDF) არაუგვიანეს თბილისის დროით 2015 წლის 10 თებერვლის 14 საათისა („წარდგენის ვადა") საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემდეგ მისამართზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ჭანტურია ქ. N12, თბილისი, 0108, საქართველო.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსხვავება ინტერესის გამოხატვის წერილობით და  ელექტრონულ ვერსიებს შორის, ნაბეჭდი ვერსია იქნება უპირატესი.

6.3. შეფასება. პროცესი და კრიტერიუმები

შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის („კომისია") მიერ ინტერესთა გამოხატვის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ.

შეფასების კრიტერიუმი იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ 6.1 მუხლის „ა-გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და მემორანდუმის დანართ 1-ით დადგენილ წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, იქნება მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული მემორანდუმის ხელმოწერის საფასური („ხელმოწერის საფასური").

კომისია გადახედავს წინადადებებს, გამოავლენს გამარჯვებულს და მოამზადებს სათანადო ინფორმაციას მთავრობისათვის წარსადგენად მთავრობის მიერ გამარჯვებულის შერჩევასთან დაკავშირებით მიღებული კომისიის გადაწყვეტილების მოწონებისა და კანდიდატთა საბოლოო რანგირების მიზნით. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამარცხებული კანდიდატებს დაუბრუნდებათ წინასაკვალიფიკაციო საბანკო გარანტია.

შერჩევის პროცესის ხანგრძლივობაა 60 (სამოცი) დღე წარდგენის ვადიდან.

7.    მემორანდუმის გაფორმება

მთავრობა გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას გამარჯვებულს და მოიწვევს მას მემორანდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების წარმოებისა და მისი გაფორმებისათვის.

მემორანდუმის ფორმატი ღიაა მოლაპარაკებებისათვის, მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ ამგვარი მოლაპარაკების შედეგები გავლენას არ ახდენდეს ძირითად, მათ შორის ფინანსურ და საგარანტიო პირობებზე და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ამავდროულად, მემორანდუმი მოწონებულ უნდა იქნეს მთავრობის მიერ.

8.    ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩო; უარი უფლებაზე

ა) მემორანდუმი, ხელშეკრულება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საბოლოო დიზაინი და მშენებლობა, ისევე, როგორც ლიცენზირება და ოპერირება ექვემდებარება გარკვეულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.

ბ) მემორანდუმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვესტორის უფლებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვამოითხოვს მეორე მხარის წინასწარ წერილობით თანხმობას;

გ)  იმ შემთხვევაში თუ კვლევა ცხადყოფს, რომ პროექტი განუხორციელებელია ან/და გამარჯვებული არ მოითხოვს შესაბამის დროში BOT-ის საფუძველზე ქონების გადაცემას , კვლევა ხდება საქართველოს საკუთრება და  გადაეცემა მთავრობას არაუგვიანეს მისი დასრულებიდან 2 (ორი) თვის ვადაში; ხელმოწერის საფასური არ ანაზღაურდება.

დ) წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა, ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და პროცედურა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება  ინტერესის გამოხატვის წარდგენით, წინასაკვალიფიკაციო და შეფასების პროცესით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ დავა, შეუთანხმებლობა და პრეტენზია, რომელიც წარმოიშობა ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საფუძველზე ან მასთან კავშირშია, წარედგინება საქართველოს სასამართლოს. ინტერესთა გამოხატვის პროცედურებში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადებით, კანდიდატები  გამოუხმობლად და უპირობოდ აცხადებენ უარს დავების გადაწყვეტის სხვა ფორმაზე, სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლების წინაშე აპელირებაზე, გადასინჯვაზე, რამდენადაც ამგვარი განცხადება უფლებაზე უარის თქმაზე შესაძლებელია იყოს ნამდვილი. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას,  დაყოვნების გარეშე  შეასრულონ კომპეტენტური სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ე) წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც გამარჯვებულისათვის პროექტის განხორციელების (მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ოპერირების  ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის) ექსკლუზიური უფლების გადაცემა ამ მოთხოვნით განსაზღვრულ პროცედურებში მონაწილეობიდან ან BOT-იდან გამომდინარე.

ვ) წინადადება ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა არ წარმოშობს მთავრობის ვალდებულებას, აირჩიოს რომელიმე კანდიდატი ან აუნაზღაუროს რომელიმე კანდიდატს ხარჯები. გარდა ამისა, დოკუმენტაციის წარდგენა არ ანიჭებს კანდიდატს  მთავრობის მიმართ რაიმე მოთხოვნის ან პრეტენზიის წარდგენის უფლებას. მონაწილეთა მიერ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევის საპასუხოდ გაწეული და შემდგომში ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გაიღონ კანდიდატებმა.

9.    ზეგავლენის მცდელობა

კანდიდატის ან მისი წარმოამდგენლის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე გზით გავლენა მოახდინონ ინტერესთა გამოხატვის პროცესზე გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.

10. მთავრობის უფლებები

მთავრობა უფლებას იტოვებს:

  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევის მოთხოვნები (მათ შორის წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები და წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმები) დროდადრო, წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადების გზით;
  • მოითხოვოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმერ კანდიდატს, რომლის მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ იქნება შესაბამისობაში ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ამ მოწვევით განსაზღვული მოთხოვნებთან.
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით წარადგენს არასწორ ინფორმაციას.
  • გაიხმოს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა ნებისმიერ დროს, ან ხელახლა მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვა საფუძვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
  • არ გააფორმოს რაიმე შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება, ამ პროცესის შედეგად ან/და
  • განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება, რასაც საჭიროდ მიიჩნევს ვადებთან და შეფასების პროცესთან დაკავშირებით, ან წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის სტრუქტურასა და შინაარსთან მიმართებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.

11. სახელშეკრულებო ინფორმაცია

კანდიდატებმა მოთხოვნა განმარტებებზე უნდა წარმოდგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და ყველა კანდიდატისათვის ხელმისაწვდომს გახდის  განმარტებებთან დაკავშირებით მოცემულ ვადაში მიღებულ კითხვებზე პასუხებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

                      ნინო ცეცხლაძე

ინვესტიციების და ექსპერტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ჭანტურიას 12, თბილისი, 0108 საქართველო

ტელ: +995322991093

ელ ფოსტა: ntsetskhladze@economy.ge

დანართი N1 - წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმები

ა. გამოცდილება

კანდიდატის მიერ წარდგენილი გამოცდილების აღწერა და ინფორმაცია უნდა ადასტურებდეს, რომ კანდიდატს, ან მის მიერ დასახელებულ ქვეკონტრაქტორ(ებ)ს, რომელთაც გამოხატეს პროექტში მონაწილეობის ნება, აქვს ან ერთობლივად აქვთ:

ა) მსგავსი ტიპის პროექტების განვითარების, ოპერირების ან/და ფინანსური რესურსების მოზიდვის სულ მცირე 5 (ხუთი) წლის გამოცდილება; და.

ბ) ერთი ან ერთზე მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებისა და ოპერირებისგამოცდილება.

ბ. ფინანსური მდგომარეობა

გ)  კანდიდატის მიერ ინტერესთა გამოხატვის განაცხადთან ერთად წარდგენილმა კონსოლიდირებულმა ფინანსურმა ანგარიშგებამ უნდა აჩვენოს, რომ მას (ან, სადაც კანდიდატი წარმოადგენს კონსორციუმს - კონსორციუმის  წევრებს ერთობლივად) აქვს/აქვთ, სამთავრობო კომისიის აზრით, საკმარისად მყარი ფინანსური მდგომარეობა იმისათვის, რომ განახორციელონ პროექტი;

დ) კანდიდატის მიმართ არ უნდა იყოს წარდგენილი  მოთხოვნა, არ უნდა ვლინდებოდეს სასარჩელო საქმისწარმოება ან პასუხისმგებლობა (მიმდინარე ან გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება „გ" ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნასთან შედარებით, რაც უნდა დასტურდებოდეს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმისწარმოების ნუსხით, რომელიც უნდა დაერთოს ინტერესის გამოხატვას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ