ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი შვედეთში რიკსდაგის სპიკერს შეხვდა

მ/წლის 8 დეკემბერს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა შვედეთის რიკსდაგის სპიკერს, „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ურბან ალინს. საუბარი შეეხო როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე, შვედეთის ახალი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და შვედეთში დაწყებულ სამთავრობო კრიზისს.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2013 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, 1-5 დეკემბერს საქართველოს წარმომადგენლობითი საპარალამენტო დელეგაცია უკვე მეორეჯერ ეწვია შვედეთს. აღინიშნა, რომ ტრადიციულად, დელეგაციაში შედიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ეს მათ სხვადასხვა საკითხზე შეთანხმებული მუშაობისა და შვედ პარტნიორებთან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე უშუალო საუბრის საშუალებას აძლევს. შვედეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან გაცნობა კი შესაძლებლობას ქმნის შვედური გამოცდილება და მოდელი ერთობლივი ძალისხმევით დაინერგოს საქართველოში. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი რიკსდაგის წინა სპიკერის აქტიური ჩართულობით  დაიწყო და გამოთქვა იმედი, რომ ურბან ალინის მხარდაჭერით ის კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს შორის არსებობს კონსენსუსი საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე. მან გაიხსენა, რომ 2014 წლის აპრილში, ურბან ალინი, იმ დროს შვედეთის ოპოზიციის ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით, ეწვია საქართველოს  და თავად დარწმუნდა, რომ განსხვავებით რეგიონის ბევრი ქვეყნისგან, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური პროექტი არ არის, ევროპელობა საქართველოს იდენტობის, ისტორიის, კულტურის, ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია.  ელჩის თქმით, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. იმისთვის, რომ ეს პროცესი ასევე წარმატებულად გაგრძელდეს საჭიროა ევროპელი პარტნიორების უფრო ეფექტური მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით ეხება შვედეთს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ავტორი და მამოძრავებელი ძალაა. მან მადლობა გადაუხადა ურბანა ალინს იმისათვის, რომ შვედეთის რიკსდაგმა 26 ნოემბერს დაჩქარებული წესით გაუკეთა რატიფიცირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ელჩის თქმით, ეს კარგი გზავნილია ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის. მან აღნიშნა ურბანის ალინის პირადადი წვლილი ამ პროცესში და გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას, ალინი აქტიურად უჭერდა მხარს ამ შეთანხმების რატიფიცირებას. ელჩმა ასევე ისაუბრა სავიზო ლიბერალიზაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გეგმავს მთელი ამ პროცესის რიგის სამიტამდე დასრულებას და გამოთქვა იმედი, რომ სამიტზე ევროკავშირი საქართველოსთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

ურბან ალინმა აღნიშნა, რომ იგი ემხრობა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას, მისი თქმით, საქართველოსთვის ეხლა მნიშვნელოვანი მომენტია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს რეფორმები და პრაქტიკულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.  მან მხარი დაუჭირა შვედეთის უფრო მეტ ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

ელჩმა აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთი სრულიად  ირაციონალურად იქცევა. საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს მცირედად მაინც დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, კრემლი არაადეკვატურად პასუხობს - ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან ხელი მოაწერა  შეთანხმებას, რითაც სურს საფუძველი შექმნას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული და საბოლოო ანექსიისთვის, 5 დეკემბერს ცხინვალის რეგიონში რუსებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები შეტევითი იარაღის გამოყენებით და ეს ყველაფერი ხდება თბილისიდან 40 კილომეტრში. ელჩმა აცნობა ურბან ალინს, რომ შვედეთის გარდა საქართველომ სხვა პარტნიორებსაც მიმართა თხოვნით დაგმონ რუსეთის ეს ქმედებები. ელჩის თქმით, თუკი რუსეთი დროულად არ იღებს მკაცრ რეაქციას თავის აგრესიულ ქმედებებზე, ის მორიგ აგრესიულ ნაბიჯს დგამს. ეს კარგად გამოჩნდა 2008 წელს საქართველოში და კარგად ჩანს ეხლა უკრაინაში.

ელჩმა დეტალურად განიხილა რიკსდაგის სპიკერთან უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დევნილია, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებსა და ბარიერებს აგებს, აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას. რუსეთი არც მალავს, რომ ამ ქმედებების მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ელჩის თქმით, საქართველო ცდილობს აუხსნას პარტნიორებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ამ სიტუაციაში მიტოვება მხოლოდ ამ ქვეყნებს არ შეუქმნის პრობლემებს, ეს უარყოფითად აისახება მთელს ევროპულ უსაფრთხოებაზე.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, შვედეთი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული როგორც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განხორციელებაში.

საუბრის ბოლოს მხარეებმა განიხილეს შვედეთში დაწყებული სამთავრობო კრიზისი. მ/წლის 3 დეკემბერს შვედეთის პარლამენტში გაიმართული კენჭისყრის შედეგად „სოციალ-დემოკრატებისა" და „მწვანეების" კოალიციური მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი ჩავარდა, რის შემდეგაც, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა, სტეფან ლოფვენმა განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ და მომავალი წლის 22 მარტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნები შვედეთში 1958 წლის შემდეგ არ გამართულა. ურბან ალინმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად შვედეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი მომავალშიც გაგრძელდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ