ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში ქართული სამზარეულოს პოპულარობა იზრდება

სტოკჰოლმის ერთ-ერთმა იტალიურმა რესტორანმა „მილანოს ჰორნა" („მილანის კუთხე") მენიუში ქართული კერძები შეიტანა. ამას წინ უსწრებდა შვედეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელთა მეშვეობით შვედეთში საქართველოს საელჩო შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საზოგადოების ცნობილ წევრებს, კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, ტურისტულ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს არა მხოლოდ აცნობდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ბიზნეს და ტურისტულ პოტენციალს, საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებს, არამედ, პოპულარიზაციას უწევდა  ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს. ამასთან ერთად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში შვედი ტურისტების რიცხვი გაიზარდა, სულ უფრო მეტი შვედი გაეცნო ქართულ სამზარეულოს, ამიტომაც, იტალიური რესტორანი, რომელმაც სტოკჰოლმელებს ქართული მენიუ შესთავაზა, უცებ გახდა პოპულარული. ქართული სამზარეულოს მზარდ პოპულარობას შვედური პრესაც გამოეხმაურა. წამყვანმა შვედურენოვანმა გაზეთმა „დაგენს ნიჰეტერ" სპეციალური სტატია მიუძღვნა ქართულ სამზარეულოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „მილანოს ჰორნას" მენიუში როგორც ხმელთაშუაზღვის, ასევე, ქართული სამზარეულო აქვს, თუმცა სტოკჰოლმელები სწორედ ქართული კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობენ ამ რესტორანს. რესტორანთან თანამშრომლობენ შვედეთში მცხოვრები ქართველები ნინო ბოლოკაძე და ირმა კოროშინაძე, რომელთა ნახელავს მაღალ შეფასებას აძლევენ შვედი გურმანები. ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია შვედეთის სხვა ქალაქებშიც ხდება, რამდენიმე წელია გოტებორგში მოქმედებს „ქართული კულინარიის საზოგადოება", რომელსაც ინგა ბუთბაია ხელმძღვანელობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის გაყიდვების სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანიის „სისტემბოლაგეტ" მაღაზიების დახლებზე კვლავ გამოჩნდა ქართული ღვინო, დღესდღეობით შვედ მომხმარებელს 16 სახეობის ქართული ღვინის შეძენის საშუალება აქვს. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ