ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩმა ფინეთში შეხვედრები გამართა

საქართველოს ელჩმა შვედეთსა და ფინეთში კონსტანტინე ქავთარაძემ ფინეთში შეხვედრები გამართა. იგი დაესწრო დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებისთვის გამართულ საზეიმო სადილს, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს. მოკლე მისასალმებელ სიტყვაში ფინეთის პრეზიდენტმა ფინეთის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, შეეხო უკრაინაში არსებულ სიტუაციას, გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები და აღნიშნა მინსკის შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობა.

ელჩმა შეხვედრა გამართა ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ტეემუ ტანნერთან. საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, ფინეთის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები შესამჩნევად გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო 2011 წელს ჰელსინკიში საქართველოს საელჩოს გახსნამ. კონსტანტინე ქავთარაძემ ტანნერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ VLAP-ის შესრულების მიმდინარეობაზე და რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია უკრაინისა და მოლდოვას წარმატებით, ამიტომ, ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაციისა და ურთიერთდახმარების მიზნით, ჩამოყალიბდა საქართველო-უკრაინა-მოლდოვას სამმხრივი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ახალახანს თბილისში ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. ტანნერი მიესალმა ამგვარ თანამშრომლობას როგორც ევროინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერის ეფექტურ ინსტრუმენტს. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ 24 აპრილს პრეზიდენტ ნიინისტოს მიერ სარატიფიკაციო სიგელზე ხელმოწერის შემდეგ, ფინეთმა დაასრულა ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი, რაც ფინეთის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

ჰელსინკიში კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფინეთის პარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მიეძღვნა. მასზე მიწვეული იყვნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც რატიფიცირებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს ყველა იმ უწყებას, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. საპასუხო სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი, რომელმაც აღნიშნა რიგის სამიტის წინ ფინეთის მიერ შეთანხმების რატიფიცირების დასრულების მნიშვნელობა და ეს ნაბიჯი საქართველოსა და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი ფინეთის მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა. ფინეთის საგარეო უწყება შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. შეხვედრებს ესწრებოდა საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი მესხელი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ