ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის ლექცია უფსალას სტუდენტთა საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციაში

25 მარტს უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციაში (Uppsala Association of International Affairs) გაიმართა საქართველოს ელჩის საჯარო გამოსვლა თემაზე - საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ისტორიული რაკურსი და ახალი გამოწვევები (Georgian-Russian Relations, Historic Outlook and New Challenges). სემინარს დაესწრო მრავალი სტუმარი (ქართული დიასპორის წარმომადგენლები, უფსალას სტუნდეტი-ახალგაზრდობა და პროფესურ-მასწავლებლები). საქართველოს ელჩმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

 

 

 

 

“საქართველო-რუსეთის ურთიერთობა: ისტორია და ახალი გამოწვევები”
ლექციის ძირითადი მონახაზი - საქართველოს ელჩი ამირან კავაძე
უფსალას უნივერსიტეტი, უფსალას საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაცია
2008 წლის 25 მარტი

ისტორიის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს სახელმწიფოს შექმნა
საქართველოს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ქართლის ანუ იბერიის სამეფო ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე - მესამე საუკუნეების მიჯნაზე წარმოიქმნა, რომლის სათავეშიც ფარნავაზიანთა სამეფო დინასტია იდგა. ჩვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში იბერიის სამეფომ დიდ სიძლიერეს მიაღწია. ამ Mდროს მისი საზღვრები სამხრეთით არაქსამდე, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს მიჰყვებოდა. იბერიის მეფე ფარნავაზმა გაატარა ქვეყნის ადმინიტარციული მოწყობა და ერთიანი სახელმწიფო რელიგიის შექმნა.  ჩვ.წ.აღ-მდე მეორე საუკუნეში ქართული სამეფო იბერიის მეფე ფარსმან მეორემ რომის იმპერიისაგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია და ქვეყანამ შუა კავკასიაში პოზიციები გაიმყარა.

ქრისტიანობის მიღება
საქართველოს აღმოსავლეთ სამეფო იბერია წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოს მსოფლიოში რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. 327 წელს მეფე მირიან მესამემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ისტორიის მიხედვით წმინდა ნინო კაბადოკიელმა 330 წელს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია. მეოთხე საუკუნის შუაში როგორც ლაზეთი (კოლხეთის სამეფო) ასევე იბერია ქრისტიანულ სახელმწიფოებად იქცნენ. 

მეფე დავით აღმაშენებელი
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლას სათავეში ახალგაზრდა მეფე დავით მეოთხე ჩაუდგა. იგი იყო ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელი. მას 1089 წელს 16 წლის ასაკში მისი მამის გიორგი მეორესგან სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ერგო. დავითმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ თურქ-სელჩუკთა დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ გასალაშქრებლად რეგულარული ჯარი და გლეხებისგან შემდგარი სამხედრო რაზმები შექმნა. მეფე დავითის ჯვაროსნულ ლაშქრობებსა (1096-1099) და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ სირიასა და ანატოლიაში გალაშქრებას ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკური წარმატებები მოჰყვა. 1099 წლის ბოლოს მეფე დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და თბილისისა და ჰერეთის გარდა ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია მტრისაგან გაათავისუფლა. 1103 წელს მან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეორგანიზაცია მოახდინა და მას სათავეში ქვეყნის მწიგნობართუხუცეი - ჭყონდიდელი ჩაუყენა. 1103-1105 წლებში ქართულმა ჯარმა ჰერეთი გაათავისუფლა და სელჩუკთა წინააღმდეგ წარმატებით გაილაშქრა შირვანში. 1110-1118 წლებში მეფე დავითმა აიღო ლორის, სამშვილდის, რუსთავის, ასევე ქვემო ქართლისა და ტაშირის სხვადასხვა ციხესიმაგრეები. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებით ქართველებმა თურქი დამპყრობლები რეგიონიდან განდევნეს.

თამარ მეფე
თამარის მეფობა ისტორიაში საქართველოს განვითარებისა და აღზევების ხანადაა ცნობილი. 1194-1204 წლებში თამარის ჯარებმა გამარჯვება მოიპოვეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ და ასევე წარმატებით გაილაშქრეს თურქების კონტროლის ქვეშ მყოფ სომხეთის სამხრეთ ნაწილში. შედეგად, სამხრეთ სომხეთის უმეტესი ნაწილი საქართველოს კონტროლის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი საქართველოს სამეფო საზღვრებში არ შედიოდა და ადგილობრივი თურქული საემიროებისა და სულთნების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, ეს ტერიტორია იყო ქართული სამეფოს პროტექტორატი. 1204 წ. ბიზანტიის დაცემის დროს საქართველო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უძლიერეს ქრისტიანულ სახელმწიფოდ რჩებოდა.

გიორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსია
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორემ (1762-1798) სპარსელების შემოტევების გამო რუსეთს მფარველობისთვის მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი ეკატერინე დიდი თურქებთან საბრძოლველად საქართველოს სასურველ მოკავშირედ განიხილავდა, მან ქართველთა დასახმარებლად მცირერიცხოვანი ძალები გამოგზავნა. 1969-1772 წლებში რუსულმა ჯარმა გენერალ ტოტლებენის ხელმძღვანელობით იმერეთსა და ქართლ-კახეთში თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ გაილაშქრა. 1783 წ. ერეკლემ რუსეთთან ხელი მოაწერა გიორგიევსკის ტრაქტატს, რის საფუძველზეც ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა. Mმიუხედავად ამისა, 1787 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთმა თავისი ჯარები რეგიონიდან გაიყვანა რის შედეგადაც ერეკლეს სამეფო დაუცველი დარჩა. 1795 წ. სპარსეთის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს შემოესია, დაიპყრო ქვეყანა და გადაწვა მისი დედაქალაქი თბილისი. მიუხედავად იმ ვალდებულებების რომელიც რუსეთს აღებული ჰქონდა გიორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად, ქართული მხარე თანდათან აცნობიერებდა რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანა მარტო რჩებოდა, რადგან რუსეთი ამ ვალდებულებებს არ ასრულებდა.Eერეკლე მეფის სიკვდილის შემდგომ სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის თაობაზე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ რუსეთს ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩარევისა და მონაწილეობის მიღებისათვის მიმართა. 1801 წ. 8 იანვარს რუსეთის მეფე პავლე პირველმა საქართველოს (ქართლ-კახეთი) რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომელიც საბოლოოდ 1801 წ. 12 სექტემბერს მეფე ალექსანდრე პირველის მიერ იქნა დადასტურებული. ამაზე საქართველოს დესპანმა სანკტ-პეტერბურგში გარსევან ჭავჭავაძემ საპროტესტო ნოტა რუსეთის ვიცე-კანცლერს ალეკსანდრე კურაკინს გადასცა. 1801 წ. მაისში გენერალმა კარლ ჰეინრიხ კნორინგმა დავით ბატონიშვილი სამეფო ტახტს ჩამოაშორა და თბილისში დააფუძნა რუსეთის იმპერტიის რეგიონული მთავრობა, რომელსაც სათავეში გენერალი ივან პეტრეს ძე ლაზარევი ჩაუდგა.

ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება და რუსეთის მიერ ქვეყნის მეორე ანექსია
1917 წ. რევოლუციამ რუსეთი სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში მოაქცია. 1917 წ. 3 დეკემბერს რუსეთის დელეგაციასა, რომელსაც ლევ ტროცკი ედგა სათავეში, და გერმანიისა და ავსტრიის წარმომადგენლებს შორის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო კონფერენცია შედგა. ტროცკის რთული ამოცანა ჰქონდა დასახული, რაც გულისხმობდა ტერიტორიების დათმობის გარეშე პირველ მსოფლიო ომში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას.  მას იმედი ჰქონდა რომ ზავზე ხელის მოწერამდე სოციალური რევოლუცია რუსეთის შემდეგ გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთსაც მოედებოდა. ცხრა კვირიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანული არმია რუსეთისაკენ დაიძრა. 1918 წლის 3 მარტს, მაშინ როდესაც გერმანელები პეტერბურგისკენ მიიწევდნენ, ვლადიმერ ლენინმა უბრძანა ტროცკის გერმანელების პირობებს დათანხმებოდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადების შედეგად რუსეთმა დათმო უკრაინა, ფინეთი, ბალტიის პროვინციები, სამხრეთ კავკასია და პოლონეთი. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიული მენშევიკური პარტია, რომლებმაც განსხვავებით რუსეთში არსებული “პროლეტარულ დიქტატორული” სისტემისა, მრავალპარტიული სისტემა შექმნეს. ახლად შექმნილი ქვეყანა აღიარა როგორც საბჭოთა რუსეთმა (1920 წ. უროტაძე-კარახანის შეთანხმება) ასევე დასავლეთ სახელმწიფოების უმრავლესობამ (1921). მიუხედავად ამისა, არც ლენინი და არც სტალინი მიესალმებოდნენ რეგიონში ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. 1921 წლის თებერვალში, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით, ქვეყანაში წითელი არმია შემოიჭრა და ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ მოკლე ომის შემდეგ მთელი ქვეყანა დაიპყრო. 1921 წ. 25 თებერვალს წითელი არმია თბილისშიც შევიდა. Lლენინმა და სტალინმა მოსკოვში ორჯონიკიძისგან მილოცვის წერილი მიიღო, რომელიც იუწყებოდა: ”წითელი დროშა ფრიალებს თბილისის თავზე”. ქართული მთავრობა იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. საპასუხოდ, 1921-1924 წლებში საქართველოში პარტიზანული წინააღმდეგობები და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები დაიწყო, თუმცა, იგი ბოლშევიკების მიერ იქნა ჩახშობილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა – რუსეთი როგორც საფრთხე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ (1990-1993)
1991 წელს, 70 წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახლად შექმნილ მთავრობას რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახით უდიდესი პრობლემა შეექმნა. ამ რეგიონებში დაწყებულ სეპარატისტულ მოძრაობებს ქვეყანა ტერიტორიული დანაწევრებისკენ მიჰაყავდა. Aარსებულ კრიზისში რუსეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევა უფრო და უფრო ართულებდა საქართველოს ურთიერთობას დიდ მეზობელთან.

სამხრეთ ოსეთი
გამსახურდიას მთავრობას პირველი სერიოზული კრიზისის გადალახვა სამხრეთ ოსეთთან მოუხდა. ეს რეგიონი ძირითადად ეთნიკური ოსებისა და ქართველებისაგან შედგება. 1990 წ. დეკემბერში, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნის საპასუხოდ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ გააუქმა მისი ავტონომიის სტატუსი. როდესაც სამხრეთ ოსეთის რეგიონალურმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან (რუსეთი) შეერთებისთვის ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ქართულმა მხარემ ამ ტერიტორიაზე ჯარები შეიყვანა. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაიჭირა პოზიცია და დაიწყო ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობების ცხინვალში გაგზავნა. შედეგად, 1991 წ. მოვლენები სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ათასობით ადამიანის მსხვერპრლი მოჰყვა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ორივე მხარეს ათი ათასობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი აღმოჩნდა. 1992 წ. ივლისში პრეზიდენტი ელცინი მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მედიატორობდა. ერთი წლის შემდეგ კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სადაც ქართული და ოსური ჯარები ექვს რუსულ ბატალიონთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. უშედეგო გამოდგა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის წარმომადგენლების მხარეებს შორის მედიატორობის მცდელობა. 1993 წ. ივლისში, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. ამან საფრთხე შეუქმნა პროცესის მშვიდობიან განვითარებას, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების შანსებს. მიუხედავად ამისა, სამხედრო დაპირისპირება 2008 წლამდე არ განახლებულა. 

აფხაზეთი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსული ძალების აქტიური მუშაობის შედეგად მოსახლეობაში დაინერგა შიში, რომელიც თითქოს ქართველების განზრახვას აფხაზეთისათვის პოლიტიკური ავტონომიის გაუქმებასა და მეტიც, აფხაზების როგორც კულტურული და ეთნიკური თვითმყოფადობის განადგურებას მოასწავებდა. აფხაზეთში ქართველების ეთნიკური უმრავლესობა აფხაზებისათვის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლების არაპროპორციული განაწილების წინააღმდეგი იყო. 1978 წლიდან მოყოლებული მოსკოვი ცდილობდა წინ აღდგომოდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რისთვისაც მთავრობაში თანამდებობების 67 პროცენტი სწორედ აფხაზებს მიეცათ. თუმცა, 1989 წლის აღწერის მიხედვით აფხაზეთში ქართველების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა აფხაზი მოსახლეობის რიცხვს. დაძაბულობა გადაიზარდა საომარ დაპირისპირებაში, რომელიც მასშტაბებით სამხრეთ ოსეთში მომხდარ ომს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 1992 წ. ივლისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმა მისცა წინადადებას, რომელიც 1925 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას გულისხმობდა. ამ აქტის მიხედვით აფხაზეთი წარმოადგენდა სსრკ-ში შემავალ საქართველოსაგან დამოუკიდებელ ერთეულს. 1992 წ. აგვისტოში აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ქართული სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და რუსეთთან საზღვრის დასაცავად და გასაკონტროლებლად საქართველოს ეროვნული გვარდია იქნა გაგზავნილი. აფხაზეთის ხელისუფალთა სეპარატისტულმა პოლიტიკამ, რასაც დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა, გამოიწვია დაპირისპირება რომლის შედეგადაც ქართველ და აფხაზთა შორის ასობით ადამიანი დაიღუპა.  ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდმა რაოდენობამ როგორც საქართველოს სხვადასხვა ნაწილს ასევე რუსეთის ტერიტორიას შეაფარა თავი. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა სოხუმი დაეტოვებინა. დიდი რაოდენობა რუსული სამხედრო პერსონალი, რეგულარული და საჰაერო ჯარები, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირევებული და მოხალისეთა ჯგუფები ასევე იბრძოდნენ სეპარატისტების მხარეს. რუსული და აფხაზი ბოევიკების მიერ სამჯერ იქნა დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ხოლო 1993 წ. სექტემბერში რუსეთის დახმარებით აფხაზურმა ჯარებმა სოხუმი ალყაში მოაქციეს და ქართული ჯარები იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა განდევნეს მთელი ქართული მოსახლეობა რეგიონიდან, ეთნიკური წმენდა, რომელიც ჩაიდინეს რუსეთის მიერ წაქეზებულმა სეპარატისტემბა, დააფიქსირა მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.Mმდინარე ენგური რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მხარეებს შორის დე-ფაქტო გამყოფ ზოლად იქცა.


რუსეთის ვერაგული ომი საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წლის აგვისტოს ომი

2008 წ. დასაწყისში რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია არ შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას როგორც მხოლოდ პროვოკაცია. სეპარატისტული ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში სოფლებზე განხორციელდა ერთდროული სამხედრო შეტევა. ამ შეტევების შედეგად ათი ქართველი მოქალაქე და პოლიციელი დაიღუპა. ამის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ოსეთის რეჟიმმა, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, განაგრძო მოქალაქეების დაბომბვა და ორი ქართული სოფელი გაანადგურა. საქართველოს მხარეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა გარდა საპასუხო ძალის გამოყენებისა რათა დაეცვა უდანაშაულო მოსახლეობის უსაფრთხოება. 2008 წლის 8 აგვისტოს ქართული სამხედრო ჯარები ცხინვალში შევიდნენ და ქალაქი დაიკავეს. თუმცა, როგორც ბოლოს აღმოჩნდა ეს იყო რუსეთის მხრიდან დიდი ხნის კარგად ორგანიზებული პროვოკაცია. საქართველოს მხრიდან სამხედრო წარმოებული მოქმედებები, რომელიც ინტენსიურ შეიარაღებულ პროვოკაციებს მოჰყვა, თავდაცვის მიზნით იყო განპირობებული. სამხედრო ჩარევის მიზანი მოქალაქეების დაცვა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან შემდგარი ადგილობრივ მოსახლეობაში სამომავლო მსხვერპლის თავიდან აცილების მცდელობას წარმოადგენდა. რუსეთი ამ ომისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. 58-ე არმია გადაყვანილ იქნა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის მთავარ მაკავშირებელ როკის გვირაბთან დროთა განმავლობაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იმართებოდა. პარალელურად რუსეთმა დიდძალი სამხედრო ტექნიკა და სპეციალური სადესანტო დანაყოფები აფხაზეთში შეიყვანა და მთელი მისი ძალებით საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს მიუახლოვდა. 7 აგვისტოს რუსული ჯარები დაიძრნენ ორი მიმართულებით: ჩრდილოეთ ოსეთსა და აფხაზეთისაკენ. მათ ერთი მიზანი- საქართველოს ოკუპაცია ამოძრავებდათ, ხოლო ქვეტექსტად იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების უფლებების დაცვის მოტივს იყენებდა. 2008 წ. 12 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკან დაიბრუნეს ცხინვალი და მთელი სამხედრო ძალები დედაქალაქ თბილისისკენ დაძრეს.

რუსეთის მთავარი მიზნები.
უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსული პოლიტიკური ელიტის შავ სიაში საქართველო პირველ ნომრად ითვლებოდა. დიდ მეზობელს განზრახული ჰქონდა საქართველო და დასავლეთის ქვეყნები დემონსტრაციულად დაესაჯა. ეს აგრესია არ იყო უბრალოდ საქართველოს მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიმართული, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას, ან თუნდაც სააკაშვილის გადაყენების მიზნისაკენ მიმართული. რუსეთის მიზანი კავკასიაში დაბრუნება და ამით ცივი ომის შემდგომ განცდილი დანაკარგების კვლავ უკან დაბრუნება იყო. ის ფაქტი რომ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს ქვეყანა რუსეთის პოლიტიკური ელიტისათვის მიმზიდველი სამიზნე გახადა. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსთან ომით რუსეთმა დასავლეთთან იომა. ამასთან, მას ევროპის რუკაზე წითელი ხაზის გავლება სურდა რომელიც დასავლეთსა და ნატოს მის გადმოკვეთას აუკრძალავდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.
2008 წ. აგვისტოში რუსეთის ფედერაცია ომის გზას დაადგა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ საქართველო და მისი მხარდამჭერები დაესაჯა და დაემცირებინა. მან დაარღვია ყველა სიტყვიერი თუ წერილობითი შეთანხმება, მას შემდეგ რაც 10 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა უბრძანა ქართულ ჯარს ცეცხლი შეეწყვიტა და დაეტოვებინა ცხინვალის რეგიონი მისმა არმიამ განაგრძო სამხედრო მოქმედებები. პარალელურად რუსეთის ჯარებმა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნაცვლად მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევები, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაკავშირებელი მაგისტრალის ბლოკადით საქართველოს ბლოკირება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო იფრასტრუქტურისთვის (ენერგო მილსადენები, პორტები, და ა.შ.) ზიანის მიყენება დაიწყეს. ბევრი ქართული სოფელი განადგურებული და გადამწვარი იქნა, რასაც შედეგად უდანაშაულო მოსახლეობის რეგიონებიდან განდევნა მოჰყვა.

პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობა.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორის ფუნქცია ევროკავშირმა აიღო. ევროკავშირის ზოგად და საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა (GAERC), ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ, ევროპის ცაბჭომ და ევროკავშირის საგანგებო სამიტმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ღრმა აღშფოთება გამოხატა. მათი პოზიციით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და ამ კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სარკოზის მიერ შემოთავაზებული ექვს პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულება. სასურველია გავიხსენოთ, რომ კონფლიქტის ზონებში არასაკმარისი საერთაშორისო ინსტიტუტების ყოფნა და სამშვიდობო პროცესებში მათი შეზღუდული მონაწილეობა ერთერთ მიზეზს წარმოადგენდა, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციას. მიუხედავად ბოლო წლებში საქართველოს განცხადებებისა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის შესახებ, ამას არასაკმარისი და დაგვიანებული საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა. ფრიად ვაფასებთ იმ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი მეგობრებისაგან ვიღებდით. მადლიერნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის. მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გამოგზავნა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევის საშუალება არ მიეცათ. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და რუსები კვლავ უკანონოდ აკონტროლებენ ქართულ ტერიტორიებს, კერძოდ: კოდორის ხეობას აფხაზეთში, ახალგორს და სოფელ პერევს სამხრეთ ოსეთში. ეს ის რეგიონებია რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არასდროს არ იმყოფებოდა.

რუსეთმა გამოიყენა იგივე საშუალებები, რაც საბჭოთა კავშირმა უნგრეთში, ჩეხეთსა და ავღანეთში გამოიყენა.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელია, რომ რუსი “მოქალაქეებისა” და “სამშვიდობო ძალების” უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რასაც რუსეთის მხარე მთავარ არგუმენტად ასახელებს, საბაბია, რომლის ქვეშაც მან მისი რეალური მიზნების განხორციელება განიზრახა. ეს არგუმენტები მოგვაგონებს მეორე მსოფლიო ომამდე სიტუაციას ევროპაში. რუსეთის მიზანს წარმოადგენდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალით გადაყენება, ქვეყნის ორი პროვინციის ანექსია, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების აშენება და საქართველოს იძულება ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სვლაზე უარის თქმა. რუსეთის მთავრობა თვლიდა რომ “ბოროტების იმპერიის” იმ ტრადიციული მეთოდების გამოყენება რომელსაც საბჭოთა კავშირი უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთთან ურთიერთობაში მიმართავდა,  დემოკრატიულ სამყაროს დაანახებდა თუ რეალურად ვინ არის ამ რეგიონში “უფროსი”. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო მოქცეული იყო ერთი კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკის ტყვეობაში, ამიტომ მას საშუალება არ მიეცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით რეალური შედეგებისათვის მიეღწია. პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების მოგვარება რუსეთის ინტერესებში არ შედის. არავინ წარმოიდგენდა რომ 21-ე საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოში ჩვენ მოგვიწევდა სამხედრო აგრესიისა და ეთნიკური წმენდის შესახებ საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოვლენებმა განსხვავებული საშიში რეალობა დაგვანახა.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ომის დაწყებიდან დაახლოებით სამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარა. დასავლეთის ქვეყნებმა ერთხმად დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული პროვინციების აღიარება. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მხარი მხოლოდ ნიკარაგუამ დაუჭირა.

საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები.
2008 წლის მოვლენებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობების გამოსწორება თაობათა ამოცანაა, რასაც წლები და შესაძლოა საუკუნეებიც კი დასჭირდეს. რუსეთის მთავრობამ მოახერხა მეზობელ ქვეყანასთან ომი ეწარმოებინა თავისივე აგრესიული პოლიტიკის უარყოფითი შედეგების ანალიზისა და გააზრების გარეშე. უკიდურესად ცინიკურად ჟღერს რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალური პირების  განცხადებები ქართულ და რუსულ ერებს შორის საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის თაობაზე განხორციელებული ოკუპაციის პოლიტიკის ფონზე. ქართველებს დიდი პატივისცემა გააჩნიათ რუსი ხალხის, მათი კულტურისა და ტრადიციების მიმართ და რუს ხალხს მტრად არასოდეს თვლიდნენ, მაგრამ კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხალხებს შორის მტრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები და აღადგინოს ხიდი, რომელიც დამანგრეველი ომის წყალობით ხალხებს შორის იქნა ჩატეხილი. რუსული ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფებიან და ჩვენი ქვეყანა მათგან პოტენციური საფრთხის ქვეშ იმყოფება.

საქართველოს წინაშე არსებული ახალი ამოცანები:

  • რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმების მხრიდან რეალურად უარის თქმა ძალის გამოყენებაზე;
  • დეოკუპაციის დასაწყისი და იძულებულ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა რეგიონებში დაბრუნება;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის დღისწესრიგში კვლავ უპირველეს ადგილას დგას;
  • მინისტრების დონეზე შექმნილი ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს პოზიტიურ ნიშანს;
  • საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელმოწერილი შეთანხმება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს;
  • ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისათვის. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმის საშუალებით ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმებისაკენ იღწვის;
  • სიმძიმის ცენტრის გადატანა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე;
  • დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება (სასამართლო რეფორმა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; მედიის თავისუფლება; პოლიტიკა კორუფციის წინააღმდეგ; ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემა; ოპოზიციასთან დიალოგი...).
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ