ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში გამართული საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი

30 მარტს სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასთან არსებულმა სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტმა (Stockholm School of Economics (SSE), Stockholm Institute of Transition Economies (SITE)) უმასპინძლა საქართველოსადმი მიძღვნილ ლექცია-სემინარს სახელწოდებით -–The Economics, Business, Politics and Great Wines from Georgia. სემინარის ორგანიზატორები გახლდნენ - სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტი, საქართველოს საელჩო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტი, კომპანია East Capital. სემინარზე საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მოხსენება გააკეთა სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა თორბიორნ ბეკერმა. კომპანია Eასტ ჩაპიტალ-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ პეტერ ელამ ჰოკანსონმა განიხილა საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო, ისაუბრა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მიმზიდველობაზე და მიმოიხილა კომპანიის მიერ საქართველოს კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები. ბატონმა ნიკლას ნილსონმა უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტიდან ისაუბრა საქართველოს შიდა-პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმოიხილა რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონზე რუსეთის გავლენა და აგვისტოს ომის ქრონოლოგია. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებით და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს დგას საქართველოს წინაშე. სემინარის შემდეგ საქართველოს საელჩოს სპონსორობით გაიმართა მიღება ქართული ღვინის დაჭაშნიკებით. სემინარს დაესწრო 100-მდე მოწვეული სტუმარი სამთავრობო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური წრეებიდან.


წარმოთქმული სიტყვის ძირითადი გზავნილები
(ამირან კავაძე, ელჩი)
ომის შემდგომი მდგომარეობა საქართველოში: ახალი გამოწვევები და
პერსპექტივები

სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა, სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტი
2009 წლის 30 მარტი

1.       რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და საერთაშორისო ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში. ამან განსაზღვრა ახალი პრიორიტეტების დასახვის აუცილებლობა. ქვეყნის არსებული და სამომავლო უმთავრესი პრიორიტეტებია: მემკვიდრეობის დატოვება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის აღმშენებლობის გზით. 
         ა)       საქართველოს გააჩნია დემოკრატიული განვითარების მკაფიო გეგმა. 
                  •      სასამართლო რეფორმა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; მედიის თავისუფლების ხელშეწყობა; ანტიკორუფციული პოლიტიკა; უმცირესობების უფლებების პატივისცემა; ოპოზიციასთან დიალოგი...
         ბ)      შემუშავებული გვაქვს ეკონომიკის მშენებლობის თანმიმდევრული    პროგრამა.
                  •      ეფექტური მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, ეკონომიკის სტიმულირება, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, ეკონომიკის დივერსიფიკაცია , საერთაშორისო დახმარებების ეფექტური გამოყენება.
                  •      წარმატებული და განვითარებული საქართველო უფრო მიმზიდველს გახდის მას სეპარატისტული რეგიონებისათვის.
ძირითადი გზავნილი:      რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და საერთაშორისო ფინანსური კრიზისი კვლავ ცხადყოფს ევროპასთან ჩვენს იდენტურობასა და მასთან დაახლოების აუცილებლობას.

2.       ევროპასთან ინტეგრაცია არ არის უბრალოდ “სასურველი შედეგი” ან ჭკვიანური    ნააზრევი: ეს არის პროცესი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე ევროპის ყველა მოქალაქისთვის _ ჩვენ გაგვაჩნია ბევრი საერთო ფუძემდებლური ინტერესი.
          ა)     ეს დაგვანახა რუსეთის ანექსიამ, ეკონომიკურმა კრიზისმა და ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობამ.
                  •      ჩვენი ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვა საერთო სარგებლის მომტანია (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება; აღმოსავლეთ პარტნიორობის პინრციპების იმპლემენტაცია; ჩვენი კანონმდებლობების ჰარმონიზება ევროკავშირთან).
                  •      ჩვენ გვჯერა და იმედს გამოვთქვამთ რომ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დაიდება და ძალაში შევა 2009 წელს; იმედი გვაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყება შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს; ვიმედოვნებთ, რომ 2009 წლის ბოლოსთვის პოზიტიურად გადაწყდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციაციის შეთანხმების საკითხი და ეს შეცვლის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2009 წლის დეკემბერში.
ძირითადი გზავნილი:      ევროპისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის რაც ხდება საქართველოში. ჩვენ ვცხოვრობთ ერთიან სივრცეში, ჩვენ ვეღარ დავუბრუნდებით იდეას რაც “სხვისი გავლენის სფეროდD ყოფნას” გულისხმობს (ვეღარასოდეს ვიცეკვებთ სხვის დაკრულზე).

3.       ოკუპირებული ტერიტორიები: არალეგალური ოკუპაცია გრძელდება.
          ა)      რუსეთი პირდაპირ არღვევს მთავარ ნაკისრ ვალდებულებებს (12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ)
                  •      ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დერეფნის არ არსებობა; რუსეთის ჯარები კვლავ არ გადიან ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან; საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი დარღვევა; გრძელდება უკანონო სამხედრო ბაზების მშენებლობა აბხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; ახალი საზღვრების გავლება საქართველოს ტერიტორიის შიგნით, რუსეთის სასაზაღვრო დაცვის ჯარების განლაგება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებთან; სეპარატისტული რეჟიმების დაფინანსება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ ტერიტორიების რუსეთის შესაბამის სახელმწიფო ორგანოების დაქვემდებარება;
          ბ)      ფრიად მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით მხარეებს შორის ორ საკითხზე დიალოგის ხელშეწყობაში: უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რეგიონში.
          გ)      ქართული მხარე ომის მიზეზების შესწავლის მიზნით მიესალმება 2008        წლის დეკემბერში  ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო საგამოძიებო მისიის დაწყებას.
          დ)     ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამისნისტროსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის. ამ მემორანდუმის შესაბამისად ქართულმა მხაემ იკისრა ცალმხრივი ვალდებულება და შეზღუდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სამხედრო ჯარებისა და აღჭურვილობების გადაადგილება; მნიშვნელოვანია ამდაგვარი მემორანდუმი გაფორმდეს რუსეთის მხარესთანაც.
          ე)      ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი პირდაპირ და ცალმხრივად ახდენს ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ანექსიას, როგორც სამხედრო ასევე სხვა საშუალებებით.
          ვ)      რუსეთი აქტიურად ცდილობს ევროპაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შეცვლას და ამისათვის ის ყველა მექანიზმს იყენებს.

4.       უსაფრთხოების გამოწვევები: მყარი ევროპული/ევროატლანტიკური თანამშრომლობა.
          ა)      როგორც დიპლომატიური ასევე უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებში აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა. 
                  •       კონფლიქტურ რეგიონებში: ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გაფართოება, გაეროს სამშვიდობო მისია აფხაზეთში (გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება, საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება და დამკვირვებლების განთავსება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელება).
                  •       დიპლომატიური თანამშრომლობა: შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების პოლიტიკა. საქართველოს ახალი მეგობარი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართვა ამ პროცესებში.
                  •       ევროატლანტიკური ინტეგრაცია კვლავ დღის წესრიგში დგას როგორც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ამოცანა; ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მოპოვებისათვის სწრაფვა უნდა გაგრძელდეს; საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა წარმოადგენს პოზიტიურ ნიშანს; შეერთებული შტატები-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქართიის ხელმოწერა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია; ვიმედოვნებთ, ნატოს საიუბილეო სესიაზე სტრასბურგში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 
უმთავრესი გზავნილი:       რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის გათვალისწინებით საერთო ევროპული/ევროატლანტიკური პასუხი წარმოადგენს ერთადერთ გზას მომავლისკენ.

5. საქართველოს გაერთიანების ხედვა
          ა)      რუსეთისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან ძალის გამოყენების რეალური შეწყვეტა;
          ბ)      ტერიტორიების დეოკუპაცია; იძულებულ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება რეგიონებში. 
          გ)      წარმატებული ეკონომიკის მშენებლობა, რაც შედეგად უზრუნველყოფს       კავშირების აღდგენას.
          დ)     ინვესტირება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიზნით.
ძირითადი გზავნილები:       ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი მეზობელი ქვეყნებისათვის. მიუხედავად რუსეთთან უთანხმოებისა, უნდა მოვახერხოთ თუნდაც რთულ გარემოებებში დიდ მეზობელთან საერთო ენის გამონახვა. Mმეორეს მხრივ, რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი ძალისმიერი პოლიტიკა და ისწავლოს ცივილიზებული ურთიერთობა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და გააჩნია საკუთარი ინტერესები და მიზნები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ