ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსტანტინე ქავთარაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ელჩმა შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ახალ თავმჯდომარესთან, „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ურბან ალინთან. საუბარი შეეხო რიგის სამიტის წინ არსებულ ვითარებას, საქართველოში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შედეგებს, შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ურბან ალინის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას.

შეხვედრამ ტრადიციულად მეგობრულ, ღია და გულახდილ ატმოსფეროში ჩაიარა. ურბან ალინი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც აქტიურად იყო ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში და კარგად იცნობს ჩვენი რეგიონის პრობლემატიკას. იგი საქართველოს გასული წლის მარტში ესტუმრა ოპოზიციის ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით. კონსტანტინე ქავთარაძესთან შეხვედრისას ურბან ალინმა დაადასტურა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.  მისი განცხადებით, შვედეთი ცდილობს, რომ რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში აისახოს სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივები. 

კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა შვედეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მჭიდრო კონტაქტები. მან ისაუბრა ქართულ-შვედური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, 2013-2014 წლებში სტოკჰოლმსა და თბილისში შვედი და ქართველი პარლამენტარების გაცვლითი ვიზიტები, შეხვედრები და ერთობლივი სემინარები გაიმართა. მან ხაზი გაუსვა უკვე ჩამოყალიბებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაგრძელების აუცილებლობას. ამ მიზნით, საქართველოს ელჩმა ურბან ალინს საქართველოში ვიზიტით ჩასვლა შესთავაზა, რაზეც რიკსდაგის თავმჯდომარემ თანხმობა განაცხადა. ვიზიტის სავარაუდო თარიღები საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ შეთანხმდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ