ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ფინეთში ქართული სამზარეულოს პრეზენტაცია გაიმართა

ყოველწლიურად ჰელსინკიში იმართება რესტორნებისა და სამზარეულოს საერთაშორისო დღე. ეს ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამ დღეს ფინეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ეძლევათ ლიცენზიებისა და სპეციალური ნებართვების გარეშე ჰელსინკის რესტორნებში მოაწყონ ეროვნული სამზარეულოს პრეზენტაცია-გაყიდვა და უმასპინძლონ სტუმრებს.

ამ ღონისძიებაში რეგულარულად იღებს მონაწილეობას ფინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, ვლადა ხარატიშვილი, რომელიც, თავის ფინელ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან ‘'MAPA'', უკვე მეოთხე წელია ჰელსინკის სხვადასხვა რესტორანში აწყობს ქართული სამზარეულოს კუთხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ‘'MAPA''-მ საქართველოში, კერძოდ, ქ. გორში, განახორციელა რამდენიმე მცირე პროექტი იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად.

მ/წლის 16 მაისს, რესტორნების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ჰელსინკის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საშუალო ზომის კაფეში, გაიმართა ქართული სამზარეულოს მორიგი პრეზენტაცია. ვლადა ხარატიშვილი ღონისძიების სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.

ქართულ კუთხეს ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ტურისტული ოპერატორები და გიდების ასოციაციის წევრები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებულად თბილი მოგონებები აკავშირებთ საქართველოსთან.

ფინეთში საქართველოს საელჩო რეგულარულად იღებს მონაწილეობას ამგვარ აქციებში, რომელთა მეშვეობით ფინელები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ საქართველოს შესახებ.

ჰელსინკიში ქართული სამზარეულოს პრეზენტაციას დაესწრნენ შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე და ფინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, გიორგი მესხელი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ