ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-შვედეთის დიპლომატიური ურთიერთობების 15 წლისთავი

2007 წლის 19 სექტემბერს შესრულდა 15 წელი საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან. უკანასკნელი 15 წელი საკმაოდ აღსავსე იყო მრავალი პოზიტიური განვითარებით ორმხრივ ურთიერთობებში. ევროპის კონტინენტზე მიუხედავად ქვეყნების განსხვავებული მდებარეობისა და მათ შორის დაშორიშორებისა ორმხრივი თანამშრომლობა ვითარდებოდა  დინამიურად თითოეული მხარის პრობლემების ჭეშმარიტი გაგებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ მნიშვნელოვან საკითხში პოზიციების თანხვედრის პირობებში. ცხადია ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს გააჩნია წინაისტორია. 1888 წელს შვედეთისა და ნორვეგიის გაერთანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ვიცე-საკონსულო საქართველოში ქალაქ ბათუმში. მცირერიცხოვანი დიპლომატიური მისია განთავსებული იქნა საქართველოს პროვინციაში აჭარაში და თავისი საქმიანობის დასაწყისში იგი დაექვემდებარა შვედეთის საკონსულოს ოდესაში და შემდგომ 1914 წლიდან იგი დაექვემდებარა შვედეთის საკონსულოს ბაქოში, მანამ სანამ 1921 წელს ახლად შექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ იქნა ოკუპირებული ბოლშევიკების წითელი არმიის მიერ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი ხასიათდებოდა მძლავრი ცვლილებებით სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იყო დრო როდესაც ძმებმა ნობელებმა დაიწყეს ინვესტირება კასპიის ზღვის ნავთობის მოპოვებისა და წარმოების საქმეში და ქ. ბათუმში მათ დააფუძნეს ახალი საზღვაო-სატრანსპორტო კვანძი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის კასპიის ბასეინიდან ჩრდილოეთ ევროპამდე.  

სასურველია გავიხსენოთ, რომ 1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ქვეყნამ დაიწყო დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა ევროპის წამყვან ქვეყნებში. პირველი ელჩი რეზიდენციით სტოკჰოლმში დანიშნული იქნა ბატონი მიხეილ წერეთელი, რომელიც სულ მცირე დროში შეცვლილი იქნა ბატონი არისტოტე ჭუმბაძით. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად საქართველოს წარმომადგენლობამ, რომელიც განთავსებული იქნა სტოკჰოლმში ტეგენერლუნდენის ქუჩის 5-ში, იძულებული იქნა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საფინანსო სიდუხჭირის გამო. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებისთანავე საქართველოს დიპლომატია ცდილობდა მოეპოვა აღიარება მთავარი საერთაშორისო სუბიექტების მიერ და ჩვენ ზედმიწვენით მადლიერნი ვართ შვედეთის სამეფოსი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოსი.                საბჭოთა ბატონობამ არავითარი არსებითი არ მოუტანა ჩვენს ურთიერთობებს. 1992 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შვედეთი კვლავ მიესალმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას. 15 წელი ამ ღირშესანიშნავი დღიდან ფაქტობრივად გამოცდის პერიოდი იყო ჩვენი ურთიერთობებისათვის. დღეს ჩვენ გვეამაყება განვაცხადოთ, რომ ქვეყანა სუსტი სახელმწიფოდან, რომელიც იყო აღსავსე პრობლემებითა და უიმედობით გასული საუკუნის ადრეულ 90-იან წლებში, გარდაიქმნა დინამიურად განვითარებად საზოგადოებად.

ჩვენ მადლიერნი ვართ შვედეთის პოლიტიკური მხარდაჭერისათვის და ჩვენი ევროპული მისწრაფებების წახალისებისათვის, რასაც მუდმივად ვგრძნობთ ოფიციალური სტოკჰოლმიდან. დახმარება მთელ რიგ დარგებში, კერძოდ:დემოკრატიული მართვა და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, კონფლიქტების თავიდან აცილება და მენეჯმენტი, აგრეთვე რეგიონული ინიციატივები იმსახურებენ ჩვენს მიერ საგანგებო აღნიშვნას.

ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს მთავრობისათვის. ამ მიმართებით ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება შვედეთთან, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში, უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არ შეესაბამება არსებულ შესაძლებლობებს. მაგრამ ახალი იმედის მომცემი ტენდენციები ჩვენს ურთიერთობებში და არსებული მძლავრი პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან ქმნიან რეალურ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობის მკვეთრი განვითარებისათვის. ჩვენ ვართ დაინტერესებული შვედური ბაზრით, განსაკუთრებით ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სასოფლო პროდუქციისა და მინერალური წყლების ექსპორტით ამ ქვეყანაში. დღეს შვედებს შეუძლიათ იყიდონ ქართული წითელი ღვინის საუკეთესო ნიმუშები შვედეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო სავაჭრო ქსელ ~სისტემბულაგეტში~.  

საქართველოს მთავრობის ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შვედ მეწარმეებს განახორციელონ ინვესტიციები და აკეთონ ბიზნესი საქართველოში. საქართველო ასევე შეიძლება იყოს მიმზიდველი ბაზარი ნორდიკული ქვეყნების საქონლისათვის. შვედეთი გვიზიარებს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ტელეკომუნიკაციების სფეროში:ცნობილი შვედური ბრენდი ~თელიასონერა~ წარმატებულად ოპერირებს საქართველოში, როგორც სიდიდით მეორე მობილური-ოპერატორის "ჯეოსელის" უმსხვილესი მოწილე. შვედეთი ცნობილია მანქანა-დანადგარების, ავტომანქანების წარმოებით ისევე როგორც ხის გადამამუშავებელი და ქაღალდის მრეწველობით. შვედური საინფორმაციო და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიებისათვის ასევე ღიაა ქართული ბაზარი.

21-ე საუკუნეში, როდესაც მანძილი აღარ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას და საზღვრებიც სულ უფრო გამჭვირვალე ხდება, შეგვიძლია ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება კულტურული მრავალფეროვნების, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით.

1920 წელს, სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს იძულებით დახურვისას, შვედეთში საქართველოს ელჩმა, ბატონმა ა. ჭუმბაძემ შვედურ ენაზე შემდეგი წერილით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს:~...მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ დღეს ვტოვებ შვედეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას. მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო შვედეთის მთავრობას და შვედ ხალხს ბრწყინვალე ურთიერთობებისათვის და უდიდესი მხარდაჭერისათვის, რომლითაც ვსარგებლობდი  საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკულ წუთებში, ასევე იმ თანადგომისა და   სტუმართმოყვარეობისათვის, რასაც ვგრძნობდი შვედეთში ჩემი მუშაობის პერიოდში. ეს მხარდაჭერა გამოხატული იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული, ახალგაზრდა რესპუბლიკის ფაქტიური აღიარებით. ორივე ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ჩვენი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას, რაც უფრო მეტად დააახლოვებს ჩვენს ქვეყნებს მომავალში...” მე მჯერა, რომ ჩვენი თაობის პოლიტიკოსები და დიპლომატები არ დაიშურებენ ძალისხმევას და გაჰყვებიან ჩვენი წინაპრების ნაკვალევს, და ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და მომავალში მისი გაფართოვებისათვის.

გელა ბეჟუაშვილი      

       საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი         

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ