ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა თბილისა და ბათუმში

საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების: შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის, ლიტვისა და ესტონეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დელეგაციებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ესაუბრა მათ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე.
შვედეთის პარლამენტის სპიკერის პერ ვესტერბერგის განცხადებით, საჭიროა თანამშრომლობა გაღრმავდეს არა მარტო პარლამენტის თავმჯდომარეთა დონეზე, არამედ მჭიდრო კონტაქტები დამყარდეს საკომიტეტო და პოლიტიკური პარტიების დონეზეც.
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) გადასვლაა: "ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ ნატოს წევრობა არა მარტო სტაბილურობის და უსაფრთხოების, არამედ დემოკრატიზაციის პროცესის შეუვალობის გარანტიაა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენი მიზანია ევროკავშირთან  რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. აღსანიშნავია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთსულოვნება საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, რის ნათელ მაგალითსაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მემორანდუმი წარმოადგენს."
ლიტვის პარლამენტის სპიკერმა, ვიკტორას მუნტიანისმა ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა: "ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%–ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას და მიესალმება სახელმწიფოს მიერ აღებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ნათლად მეტყველებს თქვენს ნაყოფიერ მოღვაწეობაზე".
კონფლიქტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ აფხაზეთთან კოსოვოს პრეცედენტის მისადაგება აბსოლუტურად მიუღებელია და რომ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესში ამოსავალი წერტილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა.
25 სექტემბერს ბათუმში, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა მონაწილეობით მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.
დისკუსიაზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძემ საქართველოში კონფლიქტების ზონაში არსებული მდგომარეობა და მათი მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივები განიხილა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამივე ავტონომიურ რესპუბლიკაში კონფლიქტის გაღვივებას საერთო ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასთან და დამოუკიდებლობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, თუმცა მათი გაღვივება აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ და ლევან ვარშალომიძემ სტუმრებს ბათუმის ნობელის მუზეუმი, გონიოს ციხე და ბათუმის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

23-25 სექტემბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ