ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით ეწვია ფინეთს

მ/წლის 10-12 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ოფიცილური ვიზიტით ეწვია ფინეთის რესპუბლიკას. 11 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიღების ოფიციალური ცერემონია და შედგა შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტთან, ქალბატონ ტარია ჰალონენთან. მოლაპარაკებები დაეთმო  ფინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონალურ საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეუთო-სთან მიმართებაში.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტმა ქალბატონმა ტარია ჰალონენმა ყურადღება დაუთმო და ისაუბრა მომავალ წელს ფინეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის როლზე და აღნიშნა, რომ ეს იქნება ფინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება. ფინეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას წარუდგინა ფინეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ტერჰი ჰაკალა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა დანიშნული საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელად და თავის საქმიანობას მ/წლის 15 ოქტომბრიდან შეუდგება.

~ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ  რეგიონისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებრიობის განვითარებაში~ - განაცხადა პრეზიდენტმა ჰალონენმა. ~ჩვენ ვართ ფრიად პრაგმატულები და არა ჩვეულებრივზე მეტად პოეტურები~. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა წარმატებით განვითარდება. ქალბატონი ჰალონენის თქმით, ფინეთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკმაოდ კარგი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოსთან. ~ახლა ის დროა განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. ფინელები კარგად იცნობენ დახვეწილ ქართულ ხელოვნებას, შესანიშნავ ღვინოს და მრავალ სხვას, რითაც ესოდენ მდიდარია საქართველო~.         

საქართველო მიესალმება ეუთო-ში ფინეთის თავმჯდომარეობას  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს ეუთო-ში ფინეთის თავმჯდომარეობაზე. მან ასევე მოიხსენია გასული წლის მეორე ნახევრის ფინეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა, განსაკუთრებით  რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით.

~ევროკავშირის ლაჰტი-ის სამიტმა უცილობლად ხელი შეუწყო სიტუაციის განმუხტვას საქართველოში და ფინეთმა ითამაშა არსებითი როლი ამ მიმართებით~, თქვა მან. ~ჩვენ მივესალმებით ქალბატონი ტერჰი ჰაკალას დანიშვნას. იგი იცნობს რეგიონისა და არსებული სიტუაციის სირთუელეებსა და თავისებურებებს. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი პიროვნება, რომელსაც შესწევს ძალა შეცვალოს მდგომარეობა და გააჩნია უნარი ამ მიზნის მისაღწევად~.   

ლექცია პაასიკივის საზოგადოებაში 

პრეზიდენტი სააკაშვილი ლექციით წარსდგა პაასიკივის საზოგადოების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელსაც ფინეთის პოლიტიკური წრეების, ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტ-პოლიტოლოგები და პოლიტიკური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებოდნენ. გამოსვლის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები და კონფლიქტების მშვიდობაინი გზით მოგვარება საქართველოში.

~საქართველო ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა. თბილისს არ სურს წინააღმდეგობა და კონფრონტაციული ურთიერთობა მოსკოვთან. ჩვენ გვსურს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და დაცვა”...

”ბედნიერი ვარ, რომ დღეს ფინეთში ვიმყოფები. ქუჩაში ვნახე ადამიანები, რომლებიც ქართული დროშებით გვესალმებოდნენ, ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გარდა იმისა, რომ გულთბილად დაგვხვდნენ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ფინელ ხალხს კარგად ესმის, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და ცდილობს გვერდში ამოგვიდგეს~ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. შეხვედრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების სპეციალური მედლით დააჯილდოვეს.     

ფინურ-ქართული ბიზნეს ფორუმი

პარასკევს, 12 ოქტომბერს, პრეზიდენტი სააკაშვილი დაესწრო ფინურ-ქართულ ბიზნეს-სემინარს. სემინარის მიმდინარეობისას იგი სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე:~ფინეთსა და საქართველოს მრავალი საერთო გააჩნიათ:არიან რა მცირე სახელმწიფოები (ფინეთის შემთხვევაში მოსახლეობით), ესაზღვარებიან დიდ და ძლიერ მეზობლებს, მუდმივად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის და თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ფინურ-რუსული დიალოგი და გამოცდილება საკამოდ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში~.

~ჩვენს ორ ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კარგი ორმხრივი ურთიერთობები. მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლამ განაპირობა პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის  გაღრმავება. ეკონომიკურ სეფეროშიც არსებობს რეალური პოტენციალი თანამშრომლობის გაღრმავებისა. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წლებში საკმაოდ მოკრძალებულ დონეზე იყო, მაგრამ უკანასკნელი წლებიდან ჩვენ მოწმენი გავხდით შთამბეჭდავი ზრდისა ამ მიმართულებით~, განაცხადა ბატონმა მაური პეკარინენმა, ფინეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ მატი ვანჰანენს, პარლამენტის სპიკერს საული ნიინისტოს და ქალაქ ჰელსნიკის ხელმძღვანელობას. მან ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი და გმირთა ჯვარი გვირგვინებით შეამკო ჰიეტანიემის სასაფლაოზე. მისი ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად განიხილავს ამ აქტს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის დარგში თანამშრომლობას. 

ოლანდის კუნძულები

ფინეთში ვიზიტის პროგრამის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ესტუმრა ოლანდის კუნძულებს. ოლანდის კუნძულების ავტონომიური სტატუსის პრეზენტაციის დროს, პრეზიდენტმა რეგიონის ხელმძღვანელობას წარუდგინა ბატონი დიმიტრი სანაკოევი - სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი და ბატონი დიმიტრი სანაკოევის ვიზიტი ოლანდის კუნძულებზე ემსახურება იმის შესწავლას, თუ ”როგორია წარმატებული ავტონომიის მოდელი, სადაც შვედური უმცირესობების უფლებები და ენა დაცულია, იმავდროულად სახელმწიფო ინარჩუნებს ერთიანობას.

"ოლანდის კუნძულების ავტონომიის მოდელი გამოყენებული იქნება საქართველოს  ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მიმართებით, ქვეყნის რეალობების გათვალისწინებით, ოლანდის ავტონომიის მოდელი კარგად ესადაგება სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას, თუმცა განსხვავებით ოლანდის კუნძულებისაგან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაბრად შედგება როგორც ეთნიკური ოსების, ისე  ქართველებისაგან. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საბოლოო მოდელის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნება ყველა მხარის აზრი”,  აღნიშნა სანაკოევმა მარიეჰამნში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ