ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

2008 წლის 27 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე შეხვდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ილკა კანერვას. შეხვედრას ესწრებოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი  გორან ლენმარკერი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ეუთო-ს მისიის საქმიანობის გააქტიურების, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ. ილკა კანერვამ განაცხადა, რომ ეუთოში ფინეთის თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი  მოგვარება და ამ პროცესში ეუთო-ს აქტიური მონაწილეობა.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მომზადებისა და მასზე დაკვირვების პროცესში ეუთოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.  ქართულმა  მხარემ  ოფიციალური  მოწვევებით  უკვე  მიმართა  საერთაშორისო  ორგანიზაციებს,    მათ შორის,    ეუთო-ს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრეს–კონფერენცია.

ერთობლივი პრესკონფერენციის ჩანაწერი

ბატონი დავით ბაქრაძე:

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,

კიდევ ერთხელ ნება მიბოძეთ მივესალმო ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმყოფება ასეთი მაღალი დონის დელეგაცია. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ბევრს აკეთებს საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, როგორც ფინეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, და ორივე მიმართულებით ნამდვილად მივესალმებით ჩვენი ურთიერთობების გააქტიურებას.

ასევე ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ დელაგაციის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბატონი გორან ლენმარკერი.

მე მინდა ჩემი შეფასება გადმოგცეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ძალიან გახსნილი, კონსტრუქციული და მეგობრული. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც დგას საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის დღის წესრიგში, ასეთი თემები არის რამდენიმე – პირველი, ბუნებრივია, კონფლიქტების მოგვარება და ვითარება, რომელიც შექმნილია, ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. იცით, რომ იქ ეუთოს ეკისრება წამყვანი როლი საერთაშორისო კუთხით ამ კონფლიქტის მოგვარებაში. უკანასკნელ პერიოდში იქ ბევრი რამ გაკეთდა ეუთოს მისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც შეიძლება ერთად ვიმუშაოთ და ერთად მივაღწიოთ სერიოზულ პროგრესს. ეს ეხება სამხედრო მონიტორინგის გაზრდას, ეს ეხება ზოგიერთი სტრატეგიული მიმართულების ერთობლივ გაკონტროლებას, მაგალითისთვის მოვიყვან დიდი გუფთის ტერიტორიას, ასევე ეს ეხება ზოგადად კონფლიქტის მოგვარების პროცესის პოლიტიკურ მხარეს.

გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც არის ასევე მნიშვნელოვანი და სერიოზული თემა საქართველოსა და ეუთოს ურთიერთობებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეაფასა ორივე მხარემ გავლილი საპრეზიდენტო არჩევნები. და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ერთად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ქართული მხარე არის აბსოლუტურად გახსნილი, მე კიდევ ერთხელ კოლეგებს ღიად დავუფიქსირე, რომ ჩვენ მზად ვართ და ველით, რომ ეუთოც და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეყნები ორმხრივ საფუძველზე გამოაგზავნიან რაც შეიძლება მეტ დამკვირვებლებს საქართველოში და ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები ღიად, დემოკრატიულად, გამჭირვალედ ისე, როგორც ეს არის ევროპულ ტრადიციულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტუმრების მხრიდანაც დაფიქსირდა ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ და დაგვეხმარონ საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარებაში.

ჩვენ განვიხილეთ ასევე ორმხრივი საკითხები, რომლებიც შეეხებოდა საქართველო-ფინეთის ურთიერთობას და გეტყვით იმასაც, რომ იმის გამო, რომ საუბარი იყო ძალიან საინტერესო და განსახილველი თემები ძალიან ბევრი, ყველა საკითხის ამოწურვა ამ შეხვედრაზე ვერ მოვასწარით.

 

ბატონი ილკა კანერვა:

მადლობას მოგახსენებთ კეთილი და თბილი სიტყვებისთვის.  ვადასტურებ მინისტრის სიტყვებს და მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზედ ღია და მეგობრული შეხვედრა ჩემს კოლეგასთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის კონსტრუქციული ატმოსფერო, რომელიც შეხვედრაზე სუფევდა. უაღრესად ვაფასებ ასეთი სახის კონტაქტებს.

ეუთოს ფინური თავმჯდომარეობის პერიოდში სამხრეთ კავკასია დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება და აი რატომ: გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ეუთოს, ისე ევროკავშირისთვის. თბილისში გამომგზავრების გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებიდან ძალზედ მოკლე ხანში  მივიღე. ჩემს ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ფინეთში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში შედგა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა კონცენტრირებულია მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერისა და სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში საქართველო შესძლებს დააკმაყოფილოს როგორც ეუთოს, ისე საერთაშორისო სტანდარტები. ეს არჩევნები როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, რომლის რამდენიმე წარმომადგენელსაც დღეს დილით შევხვდი, მისცემს ახალ შესაძლებლობას წარმოაჩინოს საქართველოს მიერ პლურალისტული დემოკარატიისკენ გადადგმული ნაბიჯები. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე  დასასწრებად, ეს ძალზედ პოზიტიური მოვლენაა. საქართველოს ხელისუფლება კარს უღებს საერთაშორისო დამკვირვებლებს და მე მივესალმები ამ ფაქტს.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. ეს დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ეუთოს შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილი  რეკომენდაციების შესრულებასა და ამოქმედებაში და ასევე საქართველში ეუთოს მისიის კონსულტაციებისა და რჩევების გამოყენებაში.

მე განსაკუთრებით მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის ტერი ჰაკალას მიერ გაწეულ სამუშაოს.

შეხვედრაზე ასევე შევეხეთ დამდეგი არჩევნებისა და გაყინული კონფლიქტების თემას.  ძალზედ მნიშვნელოვანი და პოზიტიურია საქართველოს მზადყოფნა და ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს რუსეთთან დაწყებულ დიალოგს და თანამშრომლობას. რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და კეთილდღეობას. მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო ქართულ-ოსურ კონფლიქტზე. ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოლაპარაკებათა პროცესისთვის ახალი იმპულსის მიცემას. კონსტრუქციული დიალოგი ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრისას ვისაუბრეთ. გმადლობთ.

2008 წლის 27 თებერვალი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ