ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2009 წლის 20 აპრილს გაიმართა საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრის ბატონი გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ კარლ ბილდტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ პერ ვესტერბერგთან, საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ქალბატონ გუნილა კარლსონთან და ვაჭრობის მინისტრთან ქალბატონ ევა ბიორლინგთან.

შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების ძირითადი მიმართულებები.

შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებებით, ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ევროკავშირის საბჭოს შვედეთის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში. მხარეებმა განიხილეს შვედეთის მხარდაჭერის, დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება და განხორციელება; ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება; ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივები და თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში.

ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ძირითადი აქცენტი გაკეთდა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთიობების განვითარებაზე. ხაზი გაესვა შვედური კომპანიების გააქტიურების მნიშვნელობას საქართველოში ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით. აქვე აღინიშნა, რომ შვედური მხარე მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას კონკრეტული პროგრამების განხორციელების გზით.

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში დღეისათვის არსებული ვითარება და ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. შეხვედრის შემდგომ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ბატონი გრიგოლ ვაშაძის ლექცია უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტში, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვას. ლექციას ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ შვედეთის აკადემიური წრეებისა და სტოკჰოლმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ