ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო არქივში

2015 წლის 23 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საგანგებო დავალებათა ელჩმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს ეროვნულ არქივს ოფიციალურად გადასცეს გერმანიისა და შვედეთის სამეფოს არქივებში მოძიებული მასალები, რომლებიც 1918-1921წლებში  ამ ქვეყნებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირებას ეხება.

შვედეთთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს პირველ დიპლომატიურ მისიასა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერა, ჩვენმა საელჩომ შვედეთის არქივებში მოიძია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საელჩოს რეფერენტმა ანუკი სტურუამ. მოძიებული მასალების დიდი ნაწილი ქართული მხარისთვის აქამდე უცნობი იყო, რამეთუ მათი ასლები საქართველოს არქივებში არ მოიპოვებოდა.

ამ საარქივო მასალების საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ საელჩომ მოამზადა  გამოფენა, რომელიც 1918-1921 წლებში შვედეთის სამეფოში საქართველოს რესპუბლიკის პირველ დიპლომატიურ მისიასა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს ეხება. გამოფენა დიპლომატიური მისიის საქმიანობას, მიმოწერას, ასევე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ახლადშექმნილი რესპუბლიკის გარშემო არსებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. ჩვენს მიერ მოძიებული მასალების გარდა გამოფენა მოიცავს მისიასა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კორესპონდენციას, რომლის ასლებიც  საქართველოს სახელმწიფო არქივმა მოგვაწოდა. ეს გამოფენა შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში 2015 წლის 26 მაისს გაიხსნა და დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გამოფენა საზეიმოდ გახსნა საქართველოს ყოფილმა ელჩმა შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძემ. გახსნას დაესწრნენ შვედეთის პარლამენტის წევრები, წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები და შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

23 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო არქივისთვის გადაცემულ მასალებს შორის ამ გამოფენის ამსახველი ფოტოებიც არის. შეხვედრისას კონსტანტინე ქავთარაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელს თეონა იაშვილს გამოფენის მომზადებაში დახმარებისა და შვედეთში მისი ელჩობის დროს საელჩოსა და არქივს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრისას განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ არქივთან მისი ფონდების შევსების მიზნით.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ