ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული საღამო სამეფო საჭურვლის მუზეუმში Livrustkammaren

შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და სტოკჰოლმის სამეფო საჭურვლის მუზეუმის „Livrustkammaren" (Royal Armory) მხარდაჭერით მ/წლის 5 ნოემბერს მორიგი „ქართული საღამო" გაიმართა. ის საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან მე-17 საუკუნეში არსებული კავშირების ამსახველი ექსპოზიციის „აბრეშუმის კვალზე" პარალელურად, შვედეთის სამეფო საჭურვლის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და ვიკინგური ხანის ქართულ-შვედურ კავშირებსა და ქართულ ენას მიეძღვნა. ღონისძიების დასაწყისში დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და მადლობა გადაუხადა მუზეუმს ღონისძიების ორგანიზებისათვის. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასევე მუზეუმის ხელმძღვანელი მალინ გრუნდბერგი. საღამოს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ან გრონჰამარი. ქართულ-შვედური ისტორიული კავშირების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს უფსალას უნივერსიტეტის პროფესორებმა, მატს გ. ლარსონმა და გუნილა ლარსონმა, რომლებმაც 2004 წელს განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციის „ვიტფარნე" შესახებ ისაუბრეს. 1983 წელს, სწორედ პროფესორმა მატს გ. ლარსონმა, რუნიკულ წარწერებზე და სკანდინავიურ საგაზე დაყრდნობით გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მარშრუტის გამოყენება კასპიის ზღვამდე ჩასასვლელად ვიკინგებმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე დაიწყეს. შვედი მეცნიერების ერთი ნაწილი თავის დროზე ლარსონის ამ ჰიპოთეზას სკეპტიკურად შეხვდა. ერთ-ერთი სადაო საკითხი ის იყო, რამდენად შეძლებდნენ ვიკინგები თავიანთი ნავებით საქართველოს მეჩხერ მდინარეებზე გადაადგილებას. მატს გ. ლარსონმა საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად, ექსპერიმენტული სამეცნიერო ექსპედიციის „ვიტფარნე" ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც 2004 წელს, თანამოაზრეებთან და გამოცდილ შვედ მეზღვაურთან ჰოკან ალთროკთან ერთად განახორციელა. საღამოს მომდევნო ნაწილი ქართულ ენას დაეთმო. ქართველოლოგმა, პროფესორმა იოაკიმ ენვალმა ისაუბრა კავკასიური ენების ოჯახზე, ქართული ენის სინტაქსურ და მორფოლოგიურ თავისებურებებზე და ქართული ანბანის განვითარებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროების, აგრეთვე მედიის წარმომადგენლები, კულტურული ორგანიზაციის წევრები და სტოკჰოლმის სამეფო მუზეუმის ხელმძღვანელობა. მომხსენებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დიდი დაინტერესება მოჰყვა აუდიტორიის მხრიდან, რაც მრავალრიცხოვან კითხვებში გამოიხატა. ექსპოზიციის „აბრეშუმის კვალზე" ფარგლებში მუზეუმი კიდევ რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორის დაგეგმილია ქართული ზღაპრების კითხვა შვედურ ენაზე (7, 21, 28 ნოემბერს), საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის ჰანს გუნარ ადენის მოხსენება საქართველოს შესახებ (19 ნოემბერი) და შვედი მოგზაურის სვენ ჰედინის მოგზაურობის შესახებ კავკასიაში. ქართული საღამოს დასასრულს საქართველოს საელჩო მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ