ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში საქართველოს საელჩოში ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო ზეიმი გაიმართა

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში  შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. 12 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად. სტუმრებს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი მესხელი  მიესალმა და საახალწლო საღამოს პროგრამა გააცნო. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მუსიკალურ-თეატრალური დადგმა „ჩხიკვთა ქორწილი". საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლა უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს არ დაკარგონ ენობრივი და კულტურული კავშირი თავიანთ სამშობლოსთან, ეზიარონ ქართულ ენას და ლიტერატურას. დღეს სკოლაში 8 -11  წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს.ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ბუნებას. ზეიმის მეორე ნაწილი სტოკჰოლმში შექმნილ საბავშვო ანსამბლს „ნერგები" დაეთმო.  2013 წელს საელჩომ მხარი დაუჭირა შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ქალბატონი ლელა კუხიანიძის ინიციატივას ქართული ცეკვისა და მუსიკის შემსწავლელი წრის ჩამოყალიბების თაობაზე. საელჩომ ამ საკითხზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები აწარმოა სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტთან და სხვადასხვა შვედურ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც, სტოკჰოლმის ერთ-ერთმა კულტურის დაწესებულებამ ქართველ ბავშვებს გამოუყო შესაბამისად აღჭურვილი დარბაზი, სადაც მათ საშუალება აქვთ დაეუფლონ ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და შეისწავლონ ქართული ფოლკლორული სიმღერები. სწორედ ამ მუსიკალური წრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები".  ანსამბლის წევრებმა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს ზეიმზე მოსულ სტუმრებს და მათი მოწონებაც დაიმსახურეს. პატარების  შეძახილების ფონზე თოვლის ბაბუაც გამოჩნდა, რომელმაც ბავშვები საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა.  სტოკჰოლმში მოქმედმა ქალთა ორგანიზაციამ „დეიზი" კი ზეიმში მონაწილეებს სუვენირები გადასცა საჩუქრად.  საელჩო ბავშვებს და მათ მშობლებს ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ