ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღნიშნვა

2016 წლის 30 მაისს, შვედეთში საქართველოს საელჩომ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, „კავალერიის მიღებათა დარბაზში" საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, ასევე კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა. მან ისაუბრა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაზე, საქართველო-შვედეთის მრავალწლიან მეგობრობაზე და მის უდიდეს წვლილზე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, წინსვლაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

სიტყვით გამოსვლისას საქმეთა დრობითმა რწმუნებულმა ყურადღება გამახვილა რუსეთის დესტრუქციულ ქმდებებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედეთის წამყვან როლზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის სხვა მიღწევებთან ერთად, განსაკუთრებულად აღინიშნა 2016 წლის 1 ივლისიდან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა და ამავე წლის ზაფხულის განმავლობაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დიდი მოლოდინი. რუსული აგრესიის მიუხედავად ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, აგრეთვე მზარდ ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გიორგი მესხელის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გადატანილი იყო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ამ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სათანადო წვლილის შეტანის აუცილებლობას. ამ კუთხით, მან საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის ნატო-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაში საქართველოს ღირსეულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ სულ მალე საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდება.

საზეიმო მიღების ფარგლებში საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ