ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია შვედეთში

2017 /წლის 29 მაისს შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან და საქართველო-შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურისტული კომპანიების „Caucasus Travel", „Georgian Wonders", „Visit Georgia", აგრეთვე კურორტის "Lopota Lake Resort and Spa" წარმომადგენლები. მათ საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ შვედეთის ბაზარზე შემომავალ ტურიზმზე ორიენტირებული შვედური კომპანიების ხელმძღვანელებს, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ბლოგერებს, საქართველო-შვედეთის მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარეს და წევრებს, შვედური მედიის, სავაჭრო პალატების, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და ღვინის ექსპერტებს. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა ავიაკომპანიის "Atlasglobal" სტოკჰოლმის ოფისის და სტოკჰოლმში მოქმედი ქართული რესტორნის „Tiflis" ხელმძღვანელობა.

შეხვედრის დასაწყისში, საელჩოს სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა ტურიზმის განვითარებაში საქართველოს მთავრობის მიღწევებზე და სამომავლო მიზნებზე. ხაზგასმით აღნიშნა ჩვენს ქვეყანაში როგორც ზამთრის, ისე საზაფხულო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და შვედურ მხარეს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველო-შვედეთის მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე სვენ ჰოლმსტრომი. მან ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი ხალხის განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა კეკელიამ, თეონა ნანავამ და მაშო ბოჯგუამ უფრო დეტალურად წარადგინეს ტურიზმის სფეროში საქართველოში არსებული შესაძლებლობები, ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფად ზრდის ტენდენციებზე. ამის შემდეგ, ქართულ ტურისტულ კომპანიებს ინდივიდუალური პრეზენტაციებით წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. მათ შვედი მომხმარებლებისთვის საინტერესო კონკრეტულ შეთავაზებებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის „Atlasglobal" სტოკჰოლმის წარმომადგენლობის დირექტორმა აისე მისირლიმ ხაზი გაუსვა ამ ავიაკომპანიის დაინტერესებას სკანდინავიის რეგიონიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ხელშეწყობაში და ქართველ და შვედ ტუროპერატორებს სტოკჰოლმიდან და კოპენჰაგენიდან, თბილისის მიმართულებით, ახლადგახსნილი ავიარეისების განრიგის და ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები ქართველ და შვედ ტურ-ოპერატორებს შორის. დამყარდა საქმიანი კონტაქტები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. დარიგდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი ბროშურები და რუქები. ღონისძიების მსვლელობისას, მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სპეციალური ვიდეო რგოლები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და მათ ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, შვედეთში ვიზიტამდე, დანიასა და ნორვეგიაშიც იმყოფებოდნენ. საქმიანი შეხვედრების პარალელურად, მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში (კოპენჰაგენში 24 მაისს, ხოლო ოსლოში 26 მაისს), რომელიც სტოკჰოლმში 2017 წლის 30 მაისს გაიმართება. საქართველოს დელეგაციის დასწრება ამ ღონისძიებაზეც არის გათვალისწინებული.

 
ტურიზმის სექტორის ამსახველი პრეზენტაცია საელჩოში
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ