ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შვედეთში

2017 წლის 30 მაისს შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 2017 წელს შესრულდა საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და ხსენებული მიღებაც ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის  საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროების, საინვესტიციო სააგენტოების და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, კულტურული მოღვაწეები, არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, ჟურნალისტები, შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ბაზარზე მოქმედი ტურისტული კომპანიების „Caucasus Travel", „Georgian Wonders", „Visit Georgia" და კურორტის "Lopota Lake Resort and Spa" წარმომადგენლების თანხლებით, მ/წლის 23 მაისიდან სკანდინავიის რეგიონში იმყოფება ადგილობრივი ტურისტული ბაზრის შესასწავლად და ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

მიღების ფარგლებში, ქ. სტოკჰოლმში მაცხოვრებელი ქართველებით დაკომპლექტებული ანსამბლის „ქ. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის გუნდი" მიერ ცოცხლად შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ხოლო გუნდის წევრის, მაკა ჩლაიძის მიერ შესრულებულ შვედეთის ეროვნულ ჰიმნს, დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამაც აუბა მხარი.

ეროვნული ჰიმნების დასრულების შემდეგ, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, შვედეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერაზე, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე, მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თავდაცვის და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მზარდ თანამშრომლობაზე. შეეხო აგრეთვე  ქართველ და შვედ ხალხებს შორის კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ურყევი თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორების დახმარებით, საქართველო შეძლებს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ევროპულ თანამეგობრობაში.

ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანა კეკელიამ საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ვიდეო რგოლი, რომელიც საქართველოში მეექვსემემილიონე უცხოელი ვიზიტორის შემოსვლას ეძღვნება. ამის შემდეგ, „ქ. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის გუნდის" მიერ ცოცხლად შესრულებული „მრავალჟამიერის" ფონზე, სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

ღონისძიების მიმდინარეობისას დარბაზში განთავსებულ ეკრანზე მუდმივად ტრიალებდა საქართველოს ტურისტული ვიდეო რგოლები. საქართველოს ტურ-ოპერატორებისთვის დარბაზში გამოყოფილი იყო სპეციალური კუთხე, საიდანაც ისინი დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ სტუმრებს თავიანთი მომსახურეობის შესახებ და ავრცელებდნენ ტურისტული ხასიათის საინფორმაციო ბუკლეტებს

 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 2017 წლის 30 მაისი
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ