ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ევროვიზიის" კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით სტოკჰოლმში „ქართული საღამო\" გამართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები,  კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, უცხოელი ჟურნალისტები, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 11.05.2016
 

სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედ კოლეგას, ანდერს იგემანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციისა და დნმ-ის ბანკის შექმნა, ასევე, ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება. ორი ქვეყნის შს მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც ანდერს იგემანმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოს შს სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას. „თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს", - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერია.

განთავსების თარიღი: 09.05.2016
 

სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ურბან აჰლინს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა და ურბან აჰლინმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს, მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.

შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. „შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოსა და შვედეთის შს სამინისტროებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, ინფორმაციის სისტემატური გაცვლის, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით, " - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

განთავსების თარიღი: 09.05.2016
 

საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მ/წლის 3 მაისს სტოკჰოლმში, საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს საელჩოს და საქართველოს თავდაცვის ატაშეს სახელით მოწვეულნი იყვნენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე შვედეთში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და საქართველოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, მალხაზ ჯამურელმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაზე და განვლილი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა შვედეთთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვის სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე და მიესალმა შვედური მხარის გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოში გახსნილი გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) შვედი სამხედრო ექსპერტის მივლინებასთან დაკავშირებით.

განთავსების თარიღი: 03.05.2016
 

28 აპრილს, ქ. სტოკჰოლმში, შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა.კრებულის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები" ფარგლებში გაიმართა.

განთავსების თარიღი: 28.04.2016
 

28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ურბან ალინთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სახელმწიფო მიმისტრი საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებსაც ესაუბრა.  შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას; საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით; აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების კუთხით.

განთავსების თარიღი: 28.04.2016
 

მ/წლის 15 აპრილს საქართველოს საელჩოში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" გამარჯვებულის, ნათია ლორთქიფანიძის გაცნობითი შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.  შეხვედრას დაესწრო  20-დე  ქართველი ახალგაზრდა სტოკჰოლმის, უფსალის, გოტებორგის,  მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტებიდან.  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და წარუდგინა მათ პროექტის გამარჯვებული. ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის შვედეთში პოპულარიზაციის საქმეში და ქართველ ახალგაზრდობას კონკურსის გამარჯვებულთან ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

განთავსების თარიღი: 15.04.2016
 

მ/წლის 7 აპრილს შვედეთს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა შვედეთის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ბავშვთა, მოხუცთა და გენდერული თანასწორობის მინისტრის სახელმწიფო მდივანთან მადლენ ჰარბი სამუელსონთან, შვედეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს უმაღლესი სკოლის, მოზარდთა განათლებისა და მომზადების მინისტრის სახელმწიფო მდივანთან როგერ მორტვიკთან და ამავე სამინისტროს ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ლენა ნიბერგთან. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოში არსებული პოლიტიკის დახვეწის მიზნით შვედეთის, როგორც ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, გამოცდილების გაცნობა.

განთავსების თარიღი: 12.04.2016
 

2016 წლის 17-19 მარტს, სტოკჰოლმს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.  მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა შვედეთის რიკსდაგის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ტობიას ბილსტრომთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კენეტ ფორსლუნდთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან, იუსტიციის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს - „SIDA" დირექტორთან ელსა ჰასტადთან, უპსალას რეგიონის გუბერნატორთან პიტერ ეგარდთან, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან სვანტე კორნელთან და ამავე ინსტიტუტის  „აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის" ექსპერტთან, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელთან  პერ ეკლუნდთან.

განთავსების თარიღი: 19.03.2016
 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.  ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.  

ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

განთავსების თარიღი: 01.03.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ