ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დედაენის დღე საქართველოს საელჩოში

მ/წლის 13 აპრილს, შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ ღონისძიების ინიციატორი სტოკჰოლმში ახლადშექმნილი ერთ-ერთი დიასპორული ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის სახელობის შვედეთის ახალი ქართული სათვისტომო" იყო. საელჩომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისა და საქართველოს შვედი მეგობრებისთვის საელჩოს შენობაში მოეწყო საზეიმო მიღება-კონცერტი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით ფინეთში მივლინებით მყოფი საქართველოს ელჩის მისასალმებელი წერილი დამსწრეებს საელჩოს მრჩეველმა უჩა გაბეჩავამ გააცნო. ამის შემდეგ, საკვირაო სკოლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა საელჩოს რეფერენტმა ანუკი სტურუამ. მან აღნიშნა, რომ სკოლაში, რომელიც 2011 წლის ნოემბერში საელჩოს ინიციატივით დაფუძნდა, ამჟამად 6-9 წლის ასაკის ათი ბავშვი სწავლობს. ბავშვები გადიან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამას. სახეზეა კონკრეტული შედეგებიც, დღეს ყველა მოსწავლეს შეუძლია ქართულად წერა-კითხვა. მათთვის საელჩო აწყობს საახალწლო ღონისძიებებს, ნახატების გამოფენებს. საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას, მშობლების უფრო აქტიურ ჩართულობას სკოლის საქმიანობაში. ასევე აღინიშნა, რომ შვედეთში მცხოვრებმა მუსიკის მასწავლებლმა ლელა კუხიანიძემ ბავშვებისთვის მუსიკალური წრის ჩამოყალიბების ინიციატივით მიმართა საელჩოს. ამ საკითხზე საელჩომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები აწარმოა სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტთან და სხვადასხვა შვედურ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც, სტოკჰოლმის ერთ-ერთმა კულტურის დაწესებულებამ ქართველ ბავშვებს გამოუყო შესაბამისად აღჭურვილი დარბაზი, სადაც მათ საშუალება აქვთ დაეუფლონ ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და შეისწავლონ ქართული ფოლკლორული სიმღერები. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შვედი ლინგვისტი, უპსალის უნივერსიტეტის პროფესორი, იოაკიმ ენვალი, რომელიც ფლობს ქართულ, სვანურ და მეგრულ ენებს. იგი „საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების" გამგეობის წევრია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. იოაკიმ ენვალმა ისაუბრა ენის, როგორც კულტურის განუყოფელი ნაწილის ფენომენზე, მან აღნიშნა, რომ კულტურისა და იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტი პირველ რიგში სწორედ ენაა. იგი დამსწრეებს ასევე ესაუბრა ლიტერატურულ და ყოველდღიურ სამეტყველო ენას შორის არსებულ განსხვავებებზე. დამსწრეებს მიმართა „ილია ჭავჭავაძის სახელობის შვედეთის ახალი ქართული სათვისტომოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა ნინო ბიწაძე-ოლოფსონმა. მან წაიკითხა მალმოს უნივერსიტეტის მკვლევარების, ლინგვისტების კარინა ვამლინგის, რევაზ ჭანტურიასა და მანანა კობაიძის მისასალმებელი წერილი და მილოცვა დედაენის დღესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მალმოს უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს დისტანციური მეთოდით ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც ხელმძღვანელობს მანანა კობაიძე. მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები", რომელიც ქართველმა ლოტბარმა და მუსიკის მასწავლებელმა ლელა კუხიანიძემ ჩამოაყალიბა. საელჩოში გამართული საღამოს ფარგლებში ბავშვებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და ლექსები. ზეიმის დასასრულს, საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ