ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში საქართველოს საელჩოში ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო ზეიმი გაიმართა

სტოკჰოლმში საქართველოს საელჩომ შვედეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საახალწლო ზეიმი მოუწყო. 20 დეკემბერს საელჩოს შენობაში ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ შვედეთში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეები თავიანთ მშობლებთან ერთად.  საახალწლო ნაძვის ხითა და გირლიანდებით მორთული საელჩო ბავშვების ჟრიამულით აივსო.

სტუმრებს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე მიესალმა და საახალწლო საღამოს პროგრამა გააცნო.  მან აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია საელჩოსთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომლის ჩამოყალიბებაც შვედეთში ჩამოსვლის შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს არ დაკარგონ ენობრივი და კულტურული კავშირი თავიანთ სამშობლოსთან, ეზიარონ ქართულ ენას და ლიტერატურას. მან ხაზი გაუსვა, რომ სკოლას არა მხოლოდ სწავლების, არამედ შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გაერთიანების ფუნქციაც აქვს. დღეს სკოლაში 6-9 წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს, რაც საელჩოს განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ისინი გადიან საკვირაო სკოლებისთვის დამტკიცებულ პროგრამას, სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ბუნებას. სკოლის სახელმძღვანელოებს და სხვა საჭირო ინვენტარს საელჩო თავისი სახსრებით უზრუნველყოფს. ბავშვები ძალზე მონდომებული არიან, ენის შესწავლის და საგნების ათვისების მხრივ მათი პროგრესი აშკარაა. საკვირაო სკოლას უკვე სამი წელია უანგაროდ უძღვება საელჩოს რეფერენტი ანუკი სტურუა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით და შვედეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ტუხა გაბუნიას დახმარებით, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს და საახალწლო ზეიმის სტუმრებს წარუდგინეს მუსიკალურ-თეატრალური დადგმა „სალამურას თავგადასავალი". ბავშვების წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ზეიმის მეორე ნაწილი სტოკჰოლმში შექმნილ საბავშვო ანსამბლს „ნერგები" დაეთმო. კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს საელჩომ მხარი დაუჭირა შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ქალბატონი ლელა კუხიანიძის ინიციატივას ქართული ცეკვისა და მუსიკის შემსწავლელი წრის ჩამოყალიბების თაობაზე. საელჩომ ამ საკითხზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები აწარმოა სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტთან და სხვადასხვა შვედურ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც, სტოკჰოლმის ერთ-ერთმა კულტურის დაწესებულებამ ქართველ ბავშვებს გამოუყო შესაბამისად აღჭურვილი დარბაზი, სადაც მათ საშუალება აქვთ დაეუფლონ ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და შეისწავლონ ქართული ფოლკლორული სიმღერები. სწორედ ამ მუსიკალური წრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები". ქართული ცეკვების შესწავლაში მათ ბატონი ზაზა  კიკაბიძე ეხმარება. საქართველოს ელჩმა ლელა კუხიანიძეს და ზაზა კიკაბიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის. ანსამბლის წევრებმა ქართული ლექსების, სიმღერებისა და ცეკვის ლამაზი ნაზავი წარუდგინეს ზეიმზე მოსულ სტუმრებს და მათი მოწონებაც დაიმსახურეს.

ბოლოს, 50-მდე პატარას შეძახილების ფონზე თოვლის ბაბუაც გამოჩნდა. მან ბავშვებთან ერთად აანთო მრავალფეროვანი გირლიანდებით მორთული  საახალწლო ნაძვის ხე და საჩუქრები დაურიგა მათ.

საელჩო ბავშვებს და მათ მშობლებს ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ