ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 31.01.2017

ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი 19 მარტს სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში გამართავს კონცერტს. ის შეასრულებს ლისტისა და შოპენის  ნაწარმოებებს.  დამატებითი  ინფორმაციის ხილვა კონცერტის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

 
განთავსების თარიღი: 30.01.2017

მ/წლის 20 იანვარს, გაიმართა შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ბიორნ სოდერთან (Mr. Björn Söder). საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების გზებს. ბიორნ სოდერი მიესალმა საქართველოს ელჩის დანიშვნას შვედეთში და წარმატება უსურვა მას. საუბრისას შვედურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და არსებული პოლიტიკური ვითარების, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ელჩმა შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე.

 
განთავსების თარიღი: 24.01.2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იზორია ფინეთის შემდეგ შვედეთის სამეფოს ეწვია.

შვედეთის სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში" ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოსა და შვედეთის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე გაიმართა. ლევან იზორიას შვედმა კოლეგამ პიტერ ჰულტქვისტმა უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეულის მხარდაჭერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საწვრთნელ მისიაში ჩაერთვება.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის შვედეთის სამეფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვოს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და შვედეთი უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში.

ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პარალელურად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში კი, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის თებერვლიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობაზე, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შვედ ექსპერტებთან კონსულტაციები არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის და ქართველ სამხედროებს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხითაც. გარდა ამისა, შვედეთის სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ნატოს ნდობის ფონდის უტილიზაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შვედი ინსტრუქტორები ქართველ სამხედრო ინჟინრებს წვრთნების ჩატარებაში უწევენ დახმარებას. თავის მხრივ, კი ქართულმა მხარემ შვედი სამხედროები 2018 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაში მონაწილეობისთვის მიიწვია და სამთო კურსების გასავლელად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა შესთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა განხილული საკითხები შეაჯამეს და საქართველოსა და შვედეთის საერთო ინტერესებზე გაამახვილეს ყურადღება. „შვედეთის თავდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან, რაც გვავალდებულებს იმას, რომ ამ საფრთხეებს ერთი მიდგომით, ერთი კონცეფციით გავუმკლავდეთ. მხედველობაში მაქვს ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, ტოტალური ჩართვის კონცეფცია. შესაბამისად, გვაინტერესებს შვედების გამოცდილება ამ მიმართულებით. მათ შეიმუშავეს ძალიან საინტერესო სტრატეგია მომავალი 4 წლისთვის და ბევრი თანხვედრაა ჩვენსა და მათ სტრატეგიას შორის," - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„ჩემს ქართველ კოლეგასთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ორივე პატარა ქვეყნებს წარმოვადგენთ, რომლებიც საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მომავალში გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კიბერთავდაცვის, ჰიბრიდული ომისა და უსაფრთხოების საკითხები", - განაცხადა პიტერ ჰულტქვისტმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან. ხვალ კი ლევან იზორია შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

 
განთავსების თარიღი: 20.01.2017

 

მ/წლის 20 იანვარს საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პოლიტიკურ დირექტორს ანა კარინ ენესტრომს (Anna Karin Eneström). შეხვედრისას მან მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის და არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

 

 
განთავსების თარიღი: 19.01.2017

მ/წლის 19 იანვარს, შვედეთში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ისაბელ დინგიზიანთან (Ms. Esabelle Dingizian). განხილული იყო საქართველოს და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა.

 
განთავსების თარიღი: 13.01.2017

მ/წლის 13 იანვარს საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენელთან ანეტ როსენგრენთან. საუბარი შეეხო  შვედურ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს,  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით შვედეთის მწერალთა კავშირის ჩართულობით ერთობლივი ღონისძიებების  ორგანიზებასა და შვედურ გამომცემლობებთან კავშირების გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ანეტ როსენგრენი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის "East Group" წევრია, რომელიც პერიოდულად აწყობს ღონისძიებებსა და სემინარებს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განვითარების თემებთან  დაკავშირებით.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 21
22 23 25 26 27 28
29        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ