ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში დაფუძნებისათანავე შეუდგა შვედეთ- საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ადრე უცნობი ისტორიული ფაქტების მოძიებასა და დადგენას. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო არქივისა და ალფრედ ნობელის სახელობის მუზეუმის დახმარებითა და მჭიდრო თანამშრომლობით საელჩოს მიერ მოძიებულ იქნა მთელი რიგი დოკუმენტები შვედეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიის შესახებ.

შვედეთის დიპწარმომადგენლობის დაფუძნების წინაპირობა

როგორც პირველადი საარქივო მასალები ცხადყოფენ, შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობა საქართველოში (1918 წლამდე რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიაში) დასაბამს იღებს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში სწრაფად ვითარდებოდა საწარმოო ძალები, მრეწველობისა და სატრანსპორტო საშუალებების განვითარება მოითხოვდა სხვადასხვა პროდუქტების მზარდი მოხმარებისათვის ახალი სანედლეულო ბაზრების მოძიებას. ამ ვითარებაში რუსეთის იმპერიაში, კერძოდ ბაქოში აღმოჩენილი ნავთობის დიდი მარაგი ფრიად მიმზიდველი იყო ევროპელი მეწარმეებისათვის. ნავთობის მოძიება, მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინასისტები და მეცენატები (როთშილდების ინგლისის შტო და ნობელები შვედეთიდან) დაინტერესდნენ აზერბაიჯანის რეგიონში ნავთობის მოპოვებითა და მისი ტრანსპორტირებით ევროპაში. ლუდვიგ და რობერტ ნობელები (Ludvig Nobel and Robert Nobel) ფრიად დაინტერესდნენ კავკასიით, ნავთობის დარგში ინვესტიციების განსახორციელებლად. ნობელების სააქციო საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნდა ბაქოსა და ბათუმში, მრავალმა შვედმა მოიყარა თავი, რომლებიც ძირითადში ბაქოსა და თბილისის გუბერნიებში  ოპერირებდნენ. წარმატებული ბიზნესისათვის მათ ესაჭიროებოდათ სამართლებრივი მხარდაჭერა შვედეთის მთავრობის მხრიდან და ნობელების ოჯახის ინიციატივის საფუძველზე 1888 წელს შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქ. ბათუმში საკონსულო სამსახურის დაფუძნების თაობაზე.

საკონსულო სამსახურის სტრუქტურული დაქვემდებარება და ხელმძღვანელობა

თავდაპირველად შვედეთის არქივის ოფიციალურ წყაროებში მოხსენიებულია ბათუმში არსებული შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ვიცე-საკონსულო, რომელიც ექვემდებარებოდა ამ ქვეყნის საკონსულოს ოდესაში. შემდგომ, ვინაიდან ამიერკავკასიის რეგიონმა შვედეთისათვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა შეიძინა, 1914 წლიდან 1921 წლამდე ბათუმის ვიცე-საკონსულო ბაქოში შვედეთის საკონსულოს დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა და ამით ამიერკავკასიის რეგიონი მთლიანად დაიფარა რეგიონის ორი განაპირა ქალაქით. კორესპონდენცია ბათუმსა და შვედეთის დედაქალაქს შორის ძირითადად შვედურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ხორციელდებოდა.

ვიცე-საკონსულო ბათუმში დაფუძნდა 1888 წლის 27 სექტემბერს შემდეგ მისამართზე დონდუკოვო-კორსაკოვეკის N1 და თანადროულად ბათუმში ვიცე-კონსულის თანამდებობაზე დაინიშნა იორან ოლსონი (Göran Olson). აქვე დავძენდით, რომ იგი დასაწყისში იმავდროულად ასრულებდა ვიცე-კონსულის მოვალეობას სევასტოპოლშიც. ამ ფაქტს ადასტურებს აგრეთვე ოდესის კონსულის ვილკინსის (Robert Wilkins) წერილი № 563 პეტერბურგში შვედეთის საელჩოსადმი, ფრანგულ ენაზე, დათარიღებული 1888 წლის 27 სექტემბრით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ბათუმში დიპლომატიურ სამსახურში შეერჩია პიროვნებები, რომლებსაც რაიმე გამოცდილება ჰქონდათ ამიერკავკასიაში მუშაობისა. ძირითადად ისინი იყვნენ შვედეთის მოქალაქეები და, როგორც ადასტურებენ საარქივო მასალები, მათი უმრავლესობა ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ნობელის სანავთობო კომპანიასთან. ეს ირიბად მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ შესაძლოა ბათუმშიც და ბაქოშიც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ინიშნებოდნენ ნობელების ოჯახის შეთავაზაბის საფუძველზე.

ამრიგად, წყარობის მიხედვით ვიცე-კონსულის თანამდებობაზე ბათუმში მუშაობდნენ შემდეგი პიროვნებები:იორან ოლსონი (Göran Olson) (1888-1894), პერ შოვალი (Per Sjöwall) (1894-1897) გუსტავ აუგუსტ ჰააგერი (Gustav August Haager) (1897-1906) და ფეოდორ მარტინოვსკი (Feodor Martinowsky) (1907-1920).

ბათუმში საკოსულო სამსახურის შემდგომი საქმიანობის აუცილებლობის დასაბუთება

1894 წელს ბათუმში დანიშნული ვიცე-კონსული იორან ოლსონი ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. დადგა ამ ვიცე საკონსულოს ყოფნა-არყოფნის საკითხი ფინანსური და სხვა რიგი გარემოებების გამო. ვინაიდან ბათუმში ვიცე-საკონსულოს შენარჩუნება აუცილებლობას წარმოადგენს შვედეთის მთავრობისათვის, ამ თანამდებობაზე ინიშნება ახალი ვიცე-კონსული, ბათუმში მცხოვრები ინჟინერი, შვედი მოქალაქე პერ შოვალი. პერ შოვალი წარმოადგენდა საუკეთესო კანდიდატურას აღნიშნული თანამდებობისთვის, იგი 1880 წლიდან 1893 წლამდე მუშაობდა ნობელის სააქციო საზოგადოებაში ბაქოსა და ბათუმში. 1994 წლის 17 სექტემბერისათვის რუსეთის მთავრობის თანხმობის საფუძველზე ბატონი შოვალი ინიშნება შვედეთის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე ქალაქ ბათუმში.

შვედეთის სახელმწიფო არქივში აღმოჩენილია ასევე წყაროები, სადაც ნორვეგიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს  ბათუმში ვიცე-საკონსულოს შენარჩუნებას და კონსულის თამდებობაზე ბატონი შოვალის დროულ დანიშვნას. დასაბუთება ბათუმში შვედეთის საკონსულოს არსებობის თაობაზე ეკუთვნის ბატონ  რობერტ ვილკინსს, (Robert Wilkins) შვდეთისა და ნორვეგიის სამეფოს კონსულს ოდესაში, რომელსაც მოჰყავს არგუმენტაცია, რომ შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოს ინტერესებშია გადაუდებელი არსებობა საკონსულო სამსახურისა ქალაქ ბათუმში. მისი აღწერით, ბათუმი ადრე იყო უცნობი საერთაშორისო საზოგადოებისათვის, მაგრამ მას მერე რაც 1877 წელს რუსეთმა მიიერთა ეს ტერიტორია თურქეთთან ომის შედეგად ამ ქალაქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით. ეს პორტი წარმოადგენს ერთ-ერთ დამაკავშირებელ რგოლს ამიერკავკასიაში, კერძოდ ბათუმსა და ბაქოს შორის ნავთობის ტრანსპორტირების თავლსაზრისით. როტშილდებმა (Rotschild) და ძმებმა ნობელებმა (Nobel) დიდი ინვესტიცია ჩადეს ამ კუთხეში ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებისათვის და ტრანსპორტირებისათვის და ამის შედეგად ბათუმის პორტს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. მოყვანილია სტატისტიკა 1889-1893 წლებში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, ბათუმიდან გადაზიდული საწვავის ოდენობა დინამიურად იზრდებოდა ხუთი წლის განმავლობაში და შეადგინა 107000 ფუთი. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნიათ და მიმართავენ თხოვნით შვედეთის საგარეო უწყებას, რათა ქალაქ ბათუმში შენარჩუნდეს შვედეთის ვიცე-საკონსულო. შვედეთის ინტერესები ამ რეგიონში განპირობებული იყო ძირითადში შვედეთის მზარდი ინდუსტრიისათვის ნედლეულის მოპოვებით (1894 წლის 14 ივლისის ვილკინსის წერილი).

რობერტ ვილკინსი, რომელიც ასე დაჟინებით მოითხოვდა ბათუმში ვიცე-საკონსულოს შენარჩუნებას წარმოადგენდა ინგლისელი დიპლომატების ოჯახის შთამომავალს. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ბაქო-ბათუმის სატრანსპორტო საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელობა და მისი გათვლებით საერთაშორისო ვაჭრობისათვის ამ სატრანსპორტო ხაზს მომავალში უდიდესი დატვირთვა შეიძლება ჰქონოდა. ყოველივე ზემოხსენებულმა დაარწმუნა შვედეთის საგარეო უწყება ბათუმში საკონსულოს  შენარჩუნების მიზანშეწონილობაში. 

ბათუმში შვედეთის ვიცე-კონსულის მკვლელობა

1897 წლის 22 მარტისათვის პერ შოვალი ტოვებს თანამდებობას. დასახელდა ახალი კანდიდატი, გუსტავ აუგუსტ ჰააგერი, რომელიც იყო ეროვნებით გერმანელი, ცხოვრობდა ბათუმში და ასევე მუშაობდა ნობელის სააქციო საზოგადოებაში. 1897 წლის 28 აპრილს გუსტავ აუგუსტ ჰააგერი ინიშნება ვიცე-კონსულის თამნამდებობაზე ქალაქ ბათუმში.

1906 წლის 3 ოქტომბერს დილით ორი ადგილობრივი პიროვნების მიერ ქუჩაში, ვიცე-საკოსულოს მახლობლად მოკლული იქნა შვედეთის ვიცე-კონსული ბატონი გუსტავ აუგუსტ ჰააგერი. აღნიშნულმა მკვლელობამ განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა რუსეთისა და შვედეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებების ურთიერთობებში. კერძოდ, შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ავალებს თავის დიპწარმომადგენლობებს სანკტ-პეტერბურგში, ოდესასა და ბათუმში, რათა მოთხოვონ რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების მკაცრი დასჯა (სტოკჰოლმის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ტელეგრამები და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტროლეს (Trolle) სამძიმრის წერილი). როგორც მასალებიდან ირკვევა, დამნაშავეები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ და პოლიციის ორგანეობმა ცხელ კვალზე ვერ დაადგინეს მკვლელების ვინაობა.

1906 წლის 9 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგიდან შვედეთის სგარეო საქმეთა სამინისტროს ეგზავნება წერილი ბათუმში ჰააგერის მკვლელობის თაობაზე. წერილს ხელს აწერს ბრენდსტრომი (Brändström), რომელიც  წარმოადგენდა შვედეთის ელჩს რუსეთში. ბრენდტრომი წერს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ტროლეს სტოკჰოლმში და აცნობებს, რომ მან ჰააგერის მკვლელობის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მესვეურთან, ბატონ ისვოლსკისთან (Iswolsky) ვიზიტის დროს შეიტყო და, რომ გამოძიებამ ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინა ბოროტმოქმედთა ვინაობა. ბრენდსტრომის წერილის თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ მკვლელები შესაძლოა ყოფილიყვნენ ნობელის საზოგადოების ერთ-ერთი თანამშრომელები ბათუმში, რომელებიც სამსახურიდან  იქნენ დათხოვნილი ბ-ნი ჰააგერის მითითებით. იგი წერილში აღნიშნავს, რომ შესაძლოა დამნაშავეები ყოფილიყვნენ განაწყენებული ჰააგერზე და შურისძიების მიზნით მოეკლათ ჰააგერი. ბრენდსტრომი აღნიშნავს, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ჰააგერი შეიძლება მოკლული ყოფილიყო მისი ყოფილი საქმიანობის ან და ვიცე-კონსულის თანამდებობის მოტივით.

ჰააგერის ნაცვლად დროებით კონსულის მოვალეობის შესრულება კი დაევალა რუსეთის მოქალაქეს კატლაფს (Kატლაპ), რომელიც ჰააგერის სიცოცხლეში ასრულებდა ვიცე-კონსულის მოვალეობას მისი დროებით ბათუმში არყოფნის შემთხვევაში.

ბათუმში შვედეთის საკონსულო სამსახურის შემდგომი საქმიანობა და მისი დასასრული

1906 წლიდან შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს საკონსულო ბათუმში იცვლის სახელწოდებას და შემდგომში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც შვედეთის ვიცე-საკონსულო. სახელწოდების შეცვლა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1905 წელს დაიშალა შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო, რომელიც არსებობდა 1814-1905 წლებში.

1907 წლის 12 ივნისს შვედეთის გენერალური საკონსულო პეტერბურგიდან წარუდგენს ახალ კანდიდატურას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტოკჰოლმში ბათუმში ვიცე-კონსულის თანამდებობაზე დასანიშნად. ვიცე-კონსულის კანდიდატად დასახელებულია რუსეთის მოქალაქე ფეოდორ მარტინოვსკი. 1889 წლიდან მარტინოვსკი მუშაობდა ძმები ნობელების ნავთობის მწარმოებელ სააქციო საზოგადოებაში.  1907 წლის იანვრიდან კი იგი ზემოთაღნიშნული საზოგადების ფილიალის უფროსია ბათუმში. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1907 წლის 31 აგვისტოს  დასტურის თანახმად, ვიცე-კონსულის თანამდებობაზე ბათუმში ინიშნება ფეოდორ მარტინოვსკი.

1914 წლის 17 ნოემბერიდან რუსეთის მთავრობის მოთხოვნით და შვედეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით, ბათუმში არსებული ვიცე-საკონსულოს  საქმიანობაზე კოორდინაცია ოდესიდან გადატანილ იქნა ბაქოში და ხელმძღვანელობა დაეკისრა კონსულს ბაქოში. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობარის მიხედვით, 1917-1920 წლებში ბაქოს საკონსულო ფარავს ”ბაქოს ახლომდებარე გუბერნიებს”, სადაც  აღნიშნულია თბილისი და ბათუმის რეგიონი. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ვიცე-საკონსულო ბათუმში კვლავ ფუნქციონირებს და ვიცე-კონსულის თანამდებობას ასრულებს ფეოდორ მარტინოვსკი.

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საბჭოეთის რეჟიმის დამყარების შემდეგ ბათუმის ვიცე-საკონსულო წყვეტს თავის საქმიანობას და მისი კვალი ქრება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობარიდან. 

მოკლე დასკვნები

ამრიგად, 1888 წლიდან 1920 წლის ჩათვლით შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ვიცე-საკონსულოს სახით ფუნქციონირებდა ბათუმსა და მოკლე დროით თბილისში. მოკვლეული მასალების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბათუმში შვედეთის ვიცე-საკონსულოს არ ჰქონდა დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და საკონსულოს შემოსავალს წარმოადგენდა მხოლოდ საკონსულო მოსაკრებელი და მომსახურების გადასახადები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბათუმის საკონსულო მეტად მნიშვნელოვან საკონსულო რეგიონს წარმოადგენდა შვედეთისავის, იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის რეგიონს სამხრეთ რუსეთში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაოსნო და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით. თავისი საქმიანობით საკონსულო სამსახური უწევდა სამართლებრივ დახმარებას შვედეთის მოქალაქეებს და მეწარმეებს ბათუმში, ხელს უწყობდა რუსეთსა (შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოსა) და შვედეთს შორის სატრანსპორტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ზემოხსენებული დიპლომატიური მისია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამართლებრივი და ეკონომიკური საქმიანობით, იგი ამავდროულად წარმოადგენდა მძლავრ კულტურულ, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრს, რომელიც საქართველოში ავრცელებდა სკანდინავიური ხალხების კულტურას, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდიდა ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში და კერძოდ ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ, რამაც შემდგომში ნოყიერი ნიადაგი შექმნა საქართველოსადმი შვედეთის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით რაც 1918-1921 წლებში გამოიხატა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობითა და მისი აღიარებით. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ