ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთის სამეფოში(1918-1920)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დე ფაქტო და დე იურედ აღიარება. ამ თავლსაზრისით სასურველ პირობას წარმოადგენდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, რათა დაერწმუნებინათ ისინი საქართველოს ცნობის მიზანშეწონილობაში და წარმოეჩინათ ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისათვის.             

საქართველოს დიპწარმომადგენლობის დაფუძნება და საქართველოს პირველი ელჩი შვედეთში

1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა აკაკი ჩხენკელმა   წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ბატონმა ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე  ბატონი მიხეილ (მიხაკო) წერეთელის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მისი უდიდებულესობის მთავრობის მხარადჭერასთან დაკავშირებით. შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის ბატონი მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩამოდის სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მის უდიდებულესობასთან  გუსტავ V (Gustaf V)  და შეუდგა  დიპლომატიურ საქმიანობას. დასაწყისში საელჩო დროებით ფუნქციონირებდა  "ოტელ რეგინა"-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისათვის) საქართველოს საელჩო დაფუძნდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში  ტეგნერლუნდენ 3-ში.

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის შეცვლა 

საქართველოს მთავრობის სახელით 1918 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი აკაკი ჩხენკელი ბერლინიდან წერილს წერს შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს ბატონ იოჰანეს ჰელნორს (Johannes Hellnor), კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბატონი მიხაკო წერეთელის სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების კუთხით  შესაფერის კანდიდატურად საქართველოს მთავრობამ წარუდგინა შვედეთის საგარეო უწყებას საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონი არისტო ჭუმბაძის კანდიდატურა. წერილში ბატონი ჩხენკელი საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატავს მადლიერებას აღმოჩენილი დახმარებისათვის, რომელიც მათ გაუწიეს ყოფილ ელჩს და გამოითქვა იმედი იმისა, რომ მომავალშიც სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა შვედეთის მხარე ახლადდანიშნულ ელჩს ბატონ არისტო ჭუმბაძეს.

იმავდროულად საქართველოს ელჩმა ბატონმა მიხაკო წერეთელმა წერილით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც თავის მხრიდანაც აცნობა შვედეთის საგარეო უწყებას მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და ასევე, რომ ბატონი არისტო ჭუმბაძე დაინიშნა მის შემცვლელად. იგი თავის წერილში განმარტავს, რომ ბატონი ჭუმბაძე იმყოფებოდა კოპენჰაგენში ვინაიდან ასრულებდა დანიის სამეფოში საქართველოს წარმომადგენლის მოვალეობებს, ასევე აცნობებს, რომ შვედეთის საგარეო უწყების თანხმობის მიღების შემთხვევაში ბატონი ჭუმბაძე დაუყონებლივ ჩამოვა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ბატონი მიხაკო წერეთელი ასევე თხოვნით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ იოჰანეს ჰელნორს და განუმარტავს, რომ იგი გარკვეული პრეიოდით ვერ დატოვებს სტოკჰოლმს ჯანმრთელობის პირობების გაუარესების გამო და მომავალში ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაუყონებლივ გაემგზავრება საქართველოში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა იოჰანეს ჰელნორმა (Johannes Hellnor) წერილობით უპასუხა ბატონ მიხაკო წერეთელს (1919 წლის 21 იანვარი), სადაც ბატონი მინისტრი გამოხატავს თანახმმობას, რათა ბატონი ჭუმბაძე დაინიშნოს შვედეთში საქართველოს ელჩად, ხოლო, რაც შეეხება ბატონი წერეთელის დროებით სტოკჰოლმში დარჩენას, მან აღუთქვა ყოველგვარი დახმარება და განუცხადა დასტური დარჩენასთან დაკავშირებით. ამავდროულად მინისტრმა დაავალა საკონსულო სამსახურს საქართველოს წარმომადგენლისათვის ვიზა გაეგრძელებინათ განსაზღვრული დროით.

დიპწარმომადგენლობის საქმიანობა 1918-1920 წლები

საქართველოს საელჩო სტოკჰოლმში აგრეთვე ფარავდა ნორვეგიის სამეფოს, სადაც ბატონი არისტო ჭუმბაძე აკრედიტებული იყო საქართველოს ელჩად. რაც შეეხება საელჩოს სტოკჰოლმში, მას იმ დროისათვის საკმაოდ მოკრძალებული საშუალებები გააჩნდა და  მცირერიცხოვანი იყო. შვედეთში არ არსებობდა ქართული დიასპორა, აქედან გამომდინარე დიპმისია მხოლოდ თავის საკუთარ ძალებს ეყრდნობოდა. შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთან და ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen,  1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება.  ამის გარდა შვედეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის, ვროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს გაცნობა და წარმოჩენა ადგილსამყოფელ ქვეყანაში; შვედური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში მრეწველობისა და სატრანსპორტო საშუალებების განვითარების მიზნით. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩომ შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა ფინანსური სიდუხჭირის გამო და 1920 წლის ივნისში ელჩი ბატონი არისტო ჭუმბაძე იძულებული გახდა დაეხურა საელჩო.     

            საელჩოს საქმიანობის დასასრული

1920 წლის 14 ივნისს საქართველოს ელჩი ბატონი არისტო ჭუმბაძე წერილობით მიმართვას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და აცნობებს საგარეო უწყებას სხვა თანამდებობაზე გადასვლის შესახებ. იგი ქვეყნის  სახელით გამოთქვამს მადლიერებას სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში გაუწიეს, აგრეთვე იმ უდიდესი მხარდაჭერის შესახებ შვედეთის მთავრობისა და ასევე საზოგადოების მხრიდან. კერძოდ, თავის წერილში ბ-ნი არისტო ჭუმბაძე აღნიშნავდა ~მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობის მოთხოვნით, უნდა გადავიდე სხვა თანამდებაზე. ერთ წელიწადზე მეტია ვსარგებლობ კეთილშობილი შვედი ხალხის სტუმართმოყვარეობით. ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი უდიდეს მხარდაჭერას, როგორც შვედეთის მთავრობის, ასევე საზოგადოების მხრიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის მუშაობის პერიოდში. ქარველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ მორალურ თანადგომას, რაც შვედეთმა გამოიჩინა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკულ წუთებში. ეს მხარდაჭერა გამოხატული იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული, ახალგაზრდა რესპუბლიკის ფაქტიური აღიარებით. ორივე ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, ჩვენს კულტურულად და ეკონომიკურად უფრო მეტად დაახლოებას. ამ მიზეზით მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი აღმატებულება არ მოაკლებს თქვენს გავლენიან მხარდაჭერას ამ ნიშვნელოვანი დავალების განსახორციელებლად~.

ეს მხარდაჭერა გამოხატული იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული ახალგაზრდა რესპუბლიკის ფაქტიური აღიარებით. მისი განმარტებით, ორივე ქვეყნის ინტერესები მოითხოვს კულტურულად და ეკონომიკურად უფრო მეტად დაახლოებას. ამ მიზეზით იგი იმედს იტოვებს, რომ შვედეთის მთავრობა არ მოაკლებს გავლენიან მხარდაჭერას საქართველოს.

ასევე საქართველოს ელჩი აცნობებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის თაობაზე, რომ ვიდრე სტოკჰოლმში ჩამოვიდოდეს ბატონი ჭუმბაძის  შემცვლელი, დროებით მოვალეობას შეასრულებს საქართველოს წარმომადგენელი ბერლინში, დოქტორი ვლადიმერ ახმეტელი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ