საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

20 აპრილს საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, რობერტ რიდბერგს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ორგანიზების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის საკითხებს.

მიმოიხილეს რეგიონული საკითხები და ვრცლად ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და შეეხო ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაგეგემილ ე.წ. რეფერენდუმის საკითხს, რომელსაც არ ექნება არანაირი სამართლებრივი ღირებულება. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ შვედეთი არ ცნობს  რეჟიმის მიერ „რეფერენდუმის“ შედეგს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილი განაცხადის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. შვედეთის მხარემ საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს 2022 წელს საქართველოს და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე და სხვადასხვა პროექტებში შვედეთის მხარის ჩართულობის თაობაზე.

ელჩი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ შეინარჩუნონ მჭიდრო და ინტენსიური კავშირი.