საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აღსანიშნავი ბანერების ჩვენება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქ. სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ციფრულ მონიტორზე, 24 საათის განმავლობაში, მოეწყო საქართველოს სარეკლამო ვიდეო რგოლების და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აღსანიშნავი ბანერების ჩვენება. ვიდეო-რგოლები დაახლოებით 70 ათასმა ადამიანმა ნახა.

დამოუკიდებლობის დღის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და შვედეთს შორის 1918-21 წწ არსებული დიპლომატიური ურთიერთობების და არქივში აღმოჩენილი მასალების ფოტო-გამოფენა. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა და შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარლენ ბურვიკმა, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის მნიშვნელობას და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე, შვედეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.

საქართველოს და შვედეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულა შვედეთში მოქმედმა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა „ალილომ“.