საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე აღინიშნა სტოკჰოლმში

29 სექტემბერს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შვედეთის სახელმწიფო არქივში, საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებას შვედეთში საქართველოს დიასპორის, შვედეთის პარლამენტის, მთავრობის, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის და მას-მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოსა და შვედეთს შორის, სხვადასხვა არქივებში შენახული, 1918-21 წლებში დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებსა და ფოტომასალას.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ცნობილი ფოტო-ხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას ფოტო-გამოფენა ეს ჩემი საქართველოა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტორი პირადად ესწრებოდა ღონისძიებას და მას შვედეთში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

შვედეთში მოქმედი ქართული მუსიკის ანსამბლმა რამდენიმე ცნობილი ქართული სიმღერა შეასრულა. სტოკჰოლმში ახლადშექმნილმა ქართული ცეკვების საბავშვო ჯგუფმა შოშიამ ქართული ტრადიციული ცეკვა წარმოადგინა.

საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა.

30 სექტემბერს ჩვენს თანამემამულეებს, შვედეთის სახელმწიფო არქივში, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გამოფენის და საქართველო-შვედეთის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი ისტორიული მასალის დათვალიერების საშუალება მიეცათ.