22 იანვარს, შვედეთის წმინდა გიორგის მართლმადიდებლური სამრევლოს ორგანიზებით, ასევე, საელჩოს ჩართულობით, პირველი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.
ამ ეტაპზე, სკოლაში, რომელიც ეკლესიის შენობაში ფუნქციონირებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 52 მოსწავლეა რეგისტრირებული. ბავშვებს, სასულიერო განათლების გარდა, საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, კულტურა და ასევე, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებში.
საკვირაო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მამა
ნიკოლოზმა ვრცლად ისაუბრა სამრევლოსა და სკოლის სამომავლო გეგმებზე, დალოცა მოსწავლეები და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა სიტყვით მიმართა და სკოლის გამართულად და წარმატებით ფუნქციონირებისთვის საელჩოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის შესაბამისი ლიტერატურის გადაცემის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობის კუთხით.
სკოლის მუშაობა ხელს შეუწყობს ქართული ენის და კულტურის ცოდნის განმტკიცებას შვედეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით კი დაეხმარება ახალგაზრდებს, რომელთა დიდი ნაწილი, ობიექტური მიზეზების გამო, მოკლებულია საქართველოსთან კავშირს.