ელჩის შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან
26 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს, პეტერ ერიქსონს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და 2023 წლის ბოლომდე გასატარებელი ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა.
ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და შვედეთის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
ელჩმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის აუცილებლობას. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას, შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
ელჩმა შვედ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე მუშაობისას წარმატებები უსურვა და გამოთქვა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.