საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მიმართვა საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით

დღეს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოს შორის 1918 წელს დამყარდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ თავისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის შვედეთში გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და ამისთვის ქ. სტოკჰოლმში საქართველოს პირველი საელჩოც დაფუძნდა, რომელსაც ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა კავშირში იძულებითი გაწევრიანების გამო, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით შეწყდა, მაგრამ მაინც არსებობდა გარკვეული კავშირები კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

1992 წლის 19 სექტემბერს, საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად აღდგა და თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის დინამიურად განვითარება დაიწყო და მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

მოხარული ვარ, რომ განვლილი 30 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა ყოვლისმომცველი მჭიდრო, მეგობრული და წარმატებული თანამშრომლობა, რამაც არაერთი სასარგებლო შედეგი გამოიღო როგორც საქართველოს, ისე შვედეთის მოქალაქეებისთვის.

მსურს მადლობა გადავუხადო შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველო არის და იქნება ჩვენი მეგობარი შვედეთის სანდო და ერთგული პარტნიორი ნებისმიერი გამოწვევისას.

მჯერა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მზად ვართ განვაგრძოთ ინტენსიური მუშაობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის საკეთილდღეოდ.


ირაკლი ხუცურაული

საქართველოს ელჩი