Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოხარული ვარ, რომ ეწვიეთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს!

ვიმედოვნებ, რომ მისი მეშვეობით, შეძლებთ მიიღოთ როგორც თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, ისე - გაეცნოთ აქტუალურ სიახლეებს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მოგეხსენებათ, საქართველოს და შვედეთს შორის უკვე ათწლეულების მანძილზე მტკიცე მეგობრული ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში წარმოვადგენდე ჩემ სამშობლოს და ყოველმხრივ ვეცდები მოკრძალებული წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში.

მსურს აღვნიშნო, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს და შვედეთის სამეფოს შორის ჯერ კიდევ 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დამყარდა, ხოლო საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ქ. სტოკჰოლმში სრულფასოვან საქმიანობას 1919 წლის იანვრიდან შეუდგა. სამწუხაროდ, წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამ და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალადობრივად შეყვანამ, ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი იზოლირება გამოიწვია.

საბჭოთა კავშირის 70 წლიანი ოკუპაციის დასრულების შემდეგ, საქართველომ კვლავ განაახლა დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის სამეფოსთან. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად განვითარდა და დღეს მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებს.

საქართველო შვედეთის სანდო და ღირებული პარტნიორია, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ასპარეზსა, თუ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და საქართველოს მიერ გაწეული დროული და ფასეული ძალისხმევით.

მჭიდროა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობა. მეტად აქტიურია კავშირები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხშირია მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები, რაც ხაზს უსვამს საქართველოს და შვედეთის სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ და ურთიერთნდობაზე დამყარებულ დამოკიდებულებას.

ფასდაუდებელია ის დახმარება, რომელიც შვედეთის მთავრობამ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით გაუწია. შვედეთის განვითარების სააგენტო, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით. აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროშიც - შვედეთის სახელმწიფო სტიპენდიით, ასეულობით ჩვენს თანამოქალაქეს შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცა, რაც შემდგომში ისევ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ რაოდენ დიდია შვედეთის წვლილი გლობალურად გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გრძელდება.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ დინამიურად ვითარდება საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენი ქვეყნები ერთგულნი არიან გაერთიანებული ერების და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის ფუძემდებლური პრინციპების და საკუთარი ღირსეული წვლილი შეაქვთ საკუთარი რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.

შვედეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის და პოლონეთის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია, რაც არაერთხელ იქნა აღიარებული ჩვენი პარტნიორების მიერ. გატარებული ძირეული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების დადება ევროკავშირთან, ხოლო უკვე 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც დამატებით სტიმულს წარმოადგენს საქართველოს და ევროპის კავშირს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც შვედეთის მთავრობას საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ გააჩნია.

მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია იკვეთება. ვითარდება ტურიზმის მიმართულება. შვედეთის ბაზარზე მკვიდრდება ქართული ღვინო. თავის მხრივ, წამყვანი შვედური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში.

ამავე დროს, მსურს აღვნიშნო, რომ მე და ჩემი კოლეგები ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ და ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტი დინამიზმი შევძინოთ.

აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შვედეთში, რომლებიც წარმატებით მოემსახურებიან საკუთარ პროფესიას და წვლილი შეაქვთ შვედეთის და საქართველოს განვითარებაში. მსურს საელჩოს სახელით მათ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა.

ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით ჩავერთოთ და წავახალისოთ ის ინიციატივა, რომლებიც ჩვენი სამშობლოს კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების ღირსეულად წარმოჩენას მოემსახურება და ამ კუთხით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისთვის.

ჩემს სიტყვას დავასრულებ საუკეთესო სურვილებით, გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!