საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის პარლამენტის დეპუტატს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, არონ ემილსონს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და გამოითქვა მზაობა, რომ კიდევ უფრო განვითარდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ბატონმა ემილსონმა დაადასტურა შვედეთის პარლამენტის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების თაობაზე. ასევე, ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას და მთავრობის და პარლამენტის მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და ევროპული საბჭოს 2022 წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. შვედმა პოლიტიკოსმა შვედეთის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრისას არონ ემილსონმა ვრცლად ისაუბრა შვედეთის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, ელჩს შვედეთის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის და მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია და გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად განვითარებისთვის.