საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შვედი მეგობრების ასოციაციის ყოველწლიური შეკრება

16 თებერვალს სტოკჰოლმში „საქართველოს შვედი მეგობრების ასოციაციის“ ყოველწლიური შეკრება გაიმართა.

ასოციაცია 2007 წელს შეიქმნა და ის საქართველოს კულტურით, ისტორიით, ხელოვნებით და ტრადიციებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს და შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ეწევა, მასში, ამ ეტაპზე, 80-მდე პირია გაწევრიანებული. შეკრებაზე ასოციაციის თავმჯდომარედ, ორწლიანი ვადით, კვლავ მისი დამაარსებელი, სვენ ჰოლმსტრომი აირჩიეს.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, რომელმაც საქართველოს და შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე და მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსთვის აქტუალურ თემებს - ევროინტეგრაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ქვეყანაზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაციის გავლენას. ელჩმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

საელჩოს ორგანიზებით, მოეწყო საქართველოს სარეკლამო კლიპების ჩვენება, ხოლო ასოციაციის წევრებისთვის ქართული სიმღერები შეასრულა შვედეთში მოქმედმა ანსამბლმა „ალილომ“. საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა.