საქართველოს ელჩი შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
22 მაისს საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრს, პეტერ ჰულტკვისტს („სოციალ-დემოკრატიული“ პარტია) შეხვდა, რომლის მიზანს მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრისას დადებითად შეფასდა საქართველოსა და შვედეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და არსებული დადებითი დინამიკა.
ელჩმა დეპუტატს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით შვედეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.
ვრცლად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თემატიკა და მისი გავლენა საქართველოსა და შვედეთზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად.